3 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი თიკა ბალანჩინი სტუმრობდა. გადაცემაში თიკა ბალანჩინის, „New one“-ის და ბექა გოჩიაშვილის ახალი ნამუშევრის „ისტორიას“ პრემიერა შედგა, როგორც თიკამ აღნიშნა, მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო ამ სიმღერაზე მუშაობა.
თიკა, როგორ ხარ, რა სიახლეებია შენკენ, შენს შემოქმედებაში?
კარგად, მადლობა. საკმაოდ კარგი სიახლეებია, გვაქვს ახალი ნამუშევარი, რომელიც უკვე განთავსებულია „იუთუბზე“, თუმცა თქვენთან დღეს შედგება პრემიერა.
როდის და როგორ შეიქმნა თქვენი ახალი ნამუშევარი?
უცებ, დაუგეგმავად მოხდა ეს ყველაფერი. ავარჩიეთ ირაკლი ჩარკვიანის ჩემთვის ყველაზე საყვარელი და განსაკუთრებული კომპოზიცია „ისტორიას“. ახალი ელემენტები შევძინეთ ამ სიმღერას, თანამედროვე ვერსიაა და ვფიქრობ, მსმენელს მოეწონება. სიმღერა „bravo records”-ში ჩაიწერა. როგორც ყოველთვის, ალექს ბერძენიშვილმა დაამასტერა, დამიქსა და გაალამაზა. კლიპისთვის ანიმაცია ანუკა ჯღარკავამ გააკეთა.

როგორი შეფასება მოჰყვა ახალ ნამუშევარს მუსიკოსებისგან და ზოგადად საზოგადოებისგან?
საკმაოდ კარგი. რაღაც სიახლეც არის, რადგან ყველა კლიპს ელოდა და ანიმაცია აღმოჩნდა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს ნამუშევარი გამოსულიყო, რადგან ვფიქრობ, ირაკლი ჩარკვიანის მუსიკასთან შეხება და მასთან ახლოს ყოფნა საკმაოდ რთულია მუსიკოსისთვის.
როგორია სამომავლო გეგმები, დაიწყეთ უკვე ახალ ნამუშევარზე მუშაობა?
ჯერჯერობით გეგმა არ გვაქვს, ზოგადად ჩვენთან ექსპრომტად, უცებ ხდება ხოლმე ყველაფერი და ეს ძალიან მომწონს. ყველაფერი სწრაფად მოდის, არ ვგეგმავთ, ბევრს არ ვფიქრობთ და შესაბამისად, მგონია, რომ უფრო სხვა ენერგია ჩანს და დევს ხოლმე მუსიკაში, რომელსაც ვქმნით.
გარკვეული ღონისძიებები, კონცერტები თუ გაქვთ დაგეგმილი?
კი, ბათუმში იქნება ძალიან მალე ჩვენი კონცერტი. ივლისი და აგვისტო უკვე გათვლილი გვაქვს და იმედი მაქვს, კიდევ უფრო მეტი და მეტი ღონისძიება იქნება, რადგან ძალიან რთულია მუსიკის და კონცერტების გარეშე.

თიკა ბალანჩინი, New One Feat. ბექა გოჩიაშვილი – ისტორიას
გადაცემის აუდიოჩანაწერი
თიკა ბალანჩინი (New One). გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი
