ცნობილია, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესი პირდაპირ კავშირშია სწორ კვებასთან, ამიტომ უპირატესობას ნატურალურ პროდუქტს ვანიჭებთ. პომიდორი კი ის ძირითადი პროდუქტია, რომელიც ჯანსაღ ცხოვრებაზე ფიქრის დროსაც კი გვახსენდება. შესაბამისად, უკვე დიდი ხანია, პომიდვრის სასარგებლო თვისებები მეცნიერების ინტერესისა და კვლევის საგნად იქცა. ყველა ექსპერტი თანხმდება, რომ ყურადღება უნდა მიაქციოთ პომიდვრის სარგებელს, თუ გსურთ ჯანსაღი ცხოვრება გქონდეთ.
პომიდვრის უნიკალურობას საუცხოო გემოსთან ერთად მისი სასარგებლო თვისებებიც განაპირობებს. რაც უფრო მწიფეა პომიდორი, მით უფრო მეტ ვიტამინსა და სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს. მის შემადგენლობაში შედის შაქრები – გლუკოზა და ფრუქტოზა A, B1, B2, B6, C, E, K, PP ვიტამინები და ბეტა კაროტინი, ორგანული მჟავები: ვაშლის, ლიმონისა და ღვინის, ეთერზეთები, კალციუმი, კალიუმი, იოდი, ფოსფორი, მაგნიუმი, ნატრიუმი, რკინა, ქლორი, სპილენძი, თუთია და გოგირდი მანგანუმთან ერთად. პომიდორი მდიდარია ლიკოპენით, რომელიც მძლავრი ანტიოქსიდანტია. მას აქვს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება – აფერხებს დნმ–ის მუტაციას და წყვეტს სიმსივნური უჯრედების გამრავლებას. ლიკოპენს ცხიმებთან ერთად უკეთესად ითვისებს ორგანიზმი, ამიტომ სასურველია პომიდორი მცენარეულ ცხიმთან (ზეთთან) ერთად მიირთვათ. ლიკოპენისა და კალიუმის უხვი შემცველობის გამო პომიდორი მეტად სასარგებლოა გულ–სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

პომიდვრის წვენი ხოცავს მავნე მიკრობებს. ანტიბაქტერიულთან ერთად პომიდორს აქვს ანთებისა და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებაც. პომიდორი სასარგებლოა კუჭისა და ღვიძლისათვის. იგი აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და საჭმლის მონელებას, სისხლში ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, არეგულირებს ნერვულ სისტემას. პომიდორში შემავალი სეროტონინი ამაღლებს გუნება–განწყობას. ამის გამო პომიდორს საუკეთესო ნატურალურ ანტიდეპრესანტად მიიჩნევენ. ამერიკელმა მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ ჟელეს მაგვარი სუბსტანცია, რომელიც გარს აკრავს პომიდვრის თესლს, მეტად სპეციფიკურ ნივთიერებას შეიცავს მას მეცნიერებმა P3 უწოდეს. ეს ნივთიერება თურმე მეტად სასარგებლოა – ათხელებს სისხლს და ეფექტურად ეწინააღმდეგება თრომბების წარმოქმნას. პექტინების წყალობით პომიდორი არტერიულ წნევასაც აბალანსებს.
B ჯგუფის ვიტამინების წყალობით პომიდორი აუმჯობესებს სახის ფერს, აფერხებს ნაოჭების წარმოქმნას და ზოგადად გამაახალგაზრდავებლად მოქმედებს კანზე. პექტინი, რომელიც ასე ბევრია პომიდორში, ორგანიზმიდან წიდისა და სხვა მავნე ნივთიერებების გამოძევებას უწყობს ხელს. მის წვენს იყენებენ წყლულებისა და ჩირქოვანი ჭრილობების სამკურნალოდ. ახალგამოწურული წვენი და რბილობისგან მომზადებული პიურე ენიშნებათ ორსულებს, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ქრონიკულ ავადმყოფებსა და ბავშვებს, როგორც ვიტამინების, მიკროელემენტებისა და მინერალების უნიკალური წყარო.

