LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიგი დედალამაზიშვილი: „შვიდი ალბომი გვაქვს გამოშვებული და სიმღერა „ანანკე“ ყველა ჩვენს სიმღერაზე მეტად მიყვარს“ – „მგზავრები“ სიმღერის პრემიერით „არ დაიდარდოში“.

3 ივნისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ ჯგუფ „მგზავრების“ წევრები, გიგი დედალამაზიშვილი, ლაშა დოხნაძე და ბეჟო ამირანაშვილი სტუმრობდნენ. ჯგუფის წევრებმა თავიანთ მუსიკალურ კარიერაზე და დაგეგმილ სოლოკონცერტზე ისაუბრეს. გადაცემაში სიმღერის „ანანკე“ პრემიერა შედგა. „გზავრებმა“ ცოცხლად შეასრულეს სიმღერები „ვატმანი“ და „მთვარე“.

მოგესალმებით, როგორ ხართ? პირველ რიგში, უკრაინის საკითხს მინდა შევეხოთ. ვიცი, საკმაოდ რთულია თქვენთვის ამ თემაზე საუბარი, თუმცა წარმოუდგენელია ამ თემას არ შევეხოთ, რადგან ბოლო წლები თქვენ აქტიურად მოღვაწეობდით უკრაინაში.

გიგი: კარგად ვართ, ახლა ცოტ-ცოტა მოვდივართ აზრზე, თავიდან ძალიან რთული იყო. რატომღაც ყველას ეგონა, რომ ჩვენ უკრაინაში ვცხოვრობდით, იქ არ გვიცხოვრია, საქართველო დიდი ხნით არასდროს დაგვიტოვებია, უბრალოდ ძალიან ხშირად გვქონდა იქ კონცერტები და შესაბამისად, ხშირად გვიწევდა სიარული. როდესაც ომი დაიწყო, ზუსტად 5 დღეში გვეწყებოდა ტური უკრაინაში. 5-6 კონცერტი გვქონდა დაგეგმილი, მათ შორის, პირველ კონცერტი „კვარტალი 95“-ში.

პრეზიდენტ ზელენსკის კარგად იცნობთ?

გიგი: ზელენსკის კარგად ვიცნობთ, ძალიან კარგი ბიჭია. წლების განმავლობაში დავდიოდით მაგათ გადაცემაში და იქ გავიცანით ზელენსკიც. აკეთებდნენ კონცერტებს, რომლებშიც ჩვენც ვიღებდით მონაწილეობას. ბოლოს მის პრეზიდენტობამდე ერთი წლით ადრე ვიყავით. 5 დღიანი ბანაკი-კონცერტები გააკეთეს აზერბაიჯანში, სადაც ჩვენ და ბუბა კიკაბიძე ვიყავით ჩასულები. 5 დღე სულ ერთად ვიყავით, ერთ სასტუმროში, ერთად გვეძინა, ერთად ვჭამდით, ერთად ვსვამდით. მაშინ ძალიან დავახლოვდით ზელენსკისთან და ყველა კონცერტის მონაწილესთან. მერე გავიგეთ, რომ პოლიტიკაში წავიდა და ძალიან გაგვიხარდა, რადგან მართლა ძალიან კარგი ადამიანია. მის გულწრფელობაში ეჭვი არც შეგვპარვია, რადგან ამ ბიჭს ისედაც აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა, ფინანსური კუთხითაც და პოპულარობის კუთხითაც, ძალიან კარგი პროდიუსერი იყო. ძალიან საჭირო იყო ის თავისი ქვეყნისთვის მაშინ, როცა პოლიტიკაში წავიდა და მართლა მაგარი ბიჭი გამოდგა.

მაინტერესებს, ახლო მომავალში საქართველოში თუ გეგმავთ კონცერტებს?

გიგი: კი, 26 მაისს ფოთში დავუკარით, 28 მაისს ბათუმში, 5 ივნის უკრაინის დასახმარებელ მარათონში მივიღეთ მონაწილეობა, ახლა კი 17 ივნისს არის დაგეგმილი ჩვენი მთავარი სოლოკონცერტი.

ლაშა: კონცერტი „ანდერვილში“, მთაწმინდის პარკში გაიმართება. ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი კონცერტი გამოვა, ღია ცის ქვეშ, ძალიან კარგ გარემოში.

გიგი: დიდი ხანია კონცერტი არ გვქონია, ბოლოს 2019 წელს დავუკარით, პანდემიამდე.

მაინტერესებს, როგორ მოხდა თქვენი პირველი გასვლა უკრაინაში და როგორ მოიპოვეთ იქ ასეთი პოპულარობა?

გიგი: ძალიან შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი. მე და ლაშას ძალიან გვინდოდა წასვლა, ვამბობდით, წავიდეთ, ვნახოთ რა გამოგვივაო. მერე ძალიან ბევრი ველაპარაკეთ ამ თემაზე ჩვენს პროდიუსერს, ოთო ედიშერაშვილს. უკრაინაში რომ ჩავედით, არავის ვიცნობდით. ოთო დადიოდა სხვადასხვა კომპანიებთან და ჩვენზე უყვებოდა, ვისთანაც მიდიოდა, ყველა უარს ამბობდა, ყველა ქართველმა დაგვიკეტა კარი, გვეუბნებოდნენ, შეიძლება საქართველოში მღერით, მაგრამ აქ შანსი არ არისო.

თქვენზე არ იმოქმედა ამ ყველაფერმა?

გიგი: ჩვენზე არა, ოთოზე იმოქმედა ძალიან, ჩვენ არ ვიცოდით, გვიმალავდა ამ ყველაფერს. გვეუბნებოდა ყველაფერი კარგად არის, კარგი შეხვედრები მქონდაო. ერთხელაც წავედით კარაოკეში, სადაც ჩვენმა ქართველმა მეგობარმა თავისი მეგობარი გოგოები წამოყვანა. რა თქმა უნდა, კარაოკეში ბევრი ვიმღერეთ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს გოგოები ჟურნალისტები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი BBC-ს ჟურნალისტი გახლდათ. გვითხრეს, სიუჟეტს გავაკეთებთ თქვენზეო, ჩამოვიდნენ საქართველოში, გააკეთეს სიუჟეტი და შემდეგ ჩვენი კონცერტიც დააორგანიზეს. 2011 წლის თებერვალში გვქონდა პირველი კონცერტი უკრაინაში.

გამოდის, იმ დროისთვის თქვენ უკვე საკმაოდ პოპულარულები და წარმატებულები იყავით საქართველოში…

გიგი: კი ასეა, ჩვენი მთავარი მიზანი კონცერტების დაკვრა იყო, რადგანაც საქართველო პატარა ქვეყანაა, წარმოუდგენელია,  იყო საქართველოში და გქონდეს ბევრი კონცერტი.

დღეს სიმღერის „ანანკე“ პრემიერა გვაქვს. მომიყევით ამ სიმღერის შესახებ.

გიგი: „ანანკე“ ჩვენი ერთ-ერთი ბოლო სიმღერაა. ბოლო წლებია, მუსიკალური კომბლეები გავხდით, სიმღერებს ვწერთ და ჭერში ვაწყობთ, რადგან ჯერ იყო კოვიდი, რომელიც არა და არ დამთავრდა და მერე მოხდა უარესი, ომი დაიწყო. ისეთი მხიარული ალბომი გამოგვივიდა, რომ გამოსაშვებად დრო ვერ შევურჩიეთ. შვიდი ალბომი გვაქვს გამოშვებული და სიმღერა „ანანკე“ ყველა ჩვენს სიმღერაზე მეტად მიყვარს. ბევრი სათქმელი ჩავატიეთ და ბევრი რამ ჩავაქსოვეთ ამ სიმღერაში. ეს ნამუშევარი დათო უგრეხელიძის სტუდიაში ჩაიწერა.

 

მგზავრები – ანანკე

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

მგზავრები – მთვარე. Live

 

მგზავრები – ვატმანი. Live

 

მგზავრები. გადაცემა “რადიო დუეტი”.  ვიდეო კოლაჟი