„მარტოხელა მშობლის“ სტატუსის შესახებ პარლამენტის მიერ კანონპროექტის დამტკიცებას სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ეხმაურება.
როგორც იოსელიანი აღნიშნავს, მიღებული ცვლილებებით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას.
ამასთან ის განმარტავს, თუ კონკრეტულად ვის შეეძლება მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღება.
“დღეს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა კანონპროექტი „მარტოხელა მშობლის“ სტატუსის შესახებ, რომლის ერთ-ერთი თანაავტორი მეც ვარ. მიღებული ცვლილებებით უფრო მეტი ადამიანი შეძლებს მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას, შესაბამისად უფრო მეტი ადამიანი შეძლებს იმ შეღავათებით სარგებლობას, რომლითაც მარტოხელა მშობლები სარგებლობენ.
კონკრეტულად კი ამიერიდან დამატებით მარტოხელა მშობლის სტატუსის მიღებას შეძლებს:
პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი ( დედა ან მამა) გარდაცვლილია ან დაკარგულია უგზოუკვლოდ
პირი, რომლის არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს (დედას ან მამას) ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.
სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანია, რადგან სტატუსის მქონე ადამიანების წელიწადში 3000 ლარამდე მიღებული შემოსავალი არ დაიბეგრება.
აღნიშნული ცვლილებები 2022 წლის 1 (პირველი) ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამისად, ვისაც ეკუთვნის მარტოხელა მშობლის სტატუსი და აქამდე არ მიუღია, შეუძლია პირველი ივლისიდან განცხადება სტატუსის მინიჭების მოთხოვნით, საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად, შეიტანოს იუსტიციის სახლში,” – წერს ლევან იოსელიანი.
