„ბორჯომის აქციონერი საქართველოს მთავრობა გახდება“ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. საკითხი მომდევნო კვირაში გადაწყდება. შეგახსენებთ, რომ 19 მაისს „IDS ბორჯომმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კომპანიის მფლობელი მზადაა, საქართველოს მთავრობას აქციების ნაწილი უსასყიდლოდ გადასცეს. IDS Borjomi International-ის ძირითადი აქციონერია რუსული „ალფა ჯგუფი“ (Alfa Finance), რომელიც თავის მხრივ, სანქცირებული რუსი მილიარდერის, მიხაილ ფრიდმანის დაფუძნებულია.
„ალფა“ ბორჯომის საკონტროლო პაკეტს 2013 წლიდან ფლობს, როდესაც რუსულმა ჰოლდინგმა 60%-იანი წილი ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან $460 მილიონად შეისყიდა. შედეგად, ამჟამად IDS Borjomi International-ის 60%-იან წილს “ალფა ჯგუფი”; 40%-იან წილს კი პატარკაციშვილების ოჯახი ფლობს.
საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან ერთად განიხილავს ირაკლი მაკალათია – ეკონომისტი.

– ირაკლი, მოდელი, როდესაც სანქცირებულ აქტივებს მთავრობა დაესაკუთრება, რამდენად მისაღებია თქვენთვის და ფიქრობთ თუ არა, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ, როდესაც სიტუაცია დასტაბილურდება მთავრობამ უნდა იფიქროს, წილის გასხვისებაზე და კერძო ინვესტორზე?
– პირველ რიგში გეტყვით, რომ ბორჯომი, როგორც წიაღი არაა კერძო საკუთრებაში. სახელმწიფოს საკუთრებაშია. კერძო საკუთრებაშია ქარხანა, დანადგარები, ჩამოსასხმელი აპარატები და ა.შ. თუმცა თავად წიაღი, წყალი, ჭაბურღილი, სადაც ეს წყალი ამოდის, ის მიწა, სადაც ეს ქარხანაა, ისევ სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად როცა არის საუბარი, რომ უცხოური მფლობელი ჰყავს, ქმნის არასწორ ინტერპრეტაციას, რომ ეს აქტივი და კომპანია არის გაყიდული. რეალურად ის სახელმწიფოს საკუთრებაშია და სახელმწიფოს აქვს ბერკეტი, რომლითაც შეიძლება განკარგოს აქტივი და მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება.
რაც შეეხება თვითონ გადაცემის ფაქტს, აქ კიდევ ბევრი საკითხი იქნება დასაზუსტებელი, არ არის დადასტურებული, რა პროცენტს გადასცემენ მთავრობას უსასყიდლოდ.
ექნება თუ არა მთავრობას საკონტროლო პაკეტი, რამდენად ჩაერთვება წარმოებაში და რამდენად იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები.
ბევრი კითხვის ნიშანია, რომელიც მომდევნო პერიოდში გამოჩნდება და პასუხი გაეცემა. თუმცა მოკლევადიან პერიოდში ეს შეიძლება მიიჩნეოდეს კომპანიის გადარჩენისთვის ეფექტიან გზად. თუმცა მომდევნო პერიოდში სახელმწიფომ კერძო კომპანია უნდა შემოუშვას, ბიზნესექტორმა უნდა აწარმოოს და არა სახელმწიფო სექტორმა.
რადგან სახელმწიფო რა ბიზნესსაც აწარმოებს, საწარმოების სახით, მათი აბსოლუტური უმრავლესობა წაგებაზე მუშაობს.
– პრობლემურია, როდესაც საქართველოს ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი, რუსეთის მიერ დაწესებული სანქციები გამო, ასეთ მდგომარეობაშია, მოგეხსენებათ იქ აქციაც მიმდინარეობს და თანამშრომლები უკმაყოფილოები არიან. უკმაყოფილება გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ომი დაიწყებოდა უკრაინაში, რამაც გამოიწვია სანქციები უკრაინაში და როგორც ჩანს, კომპანიას ჰქონდა პრობლემები მენეჯმენტის კუთხითაც.
საქართველოს მთავრობისთვის აქციების რა ნაწილის გადაცემა მოხდება არ ვიცით, მაგრამ ალბათ საკონტროლო პაკეტი საქართველოს ხელში აღმოჩნდება.
რა დრო შეიძლება დასჭირდეს, რომ ახალი მმართველი დაინიშნოს, ან კომპანია გადავიდეს კერძო საკუთრებაში და რეალურად იმუშაოს მოგებაზე და არა მთავრობის მითითებაზე.
– მთავარია ამ აქტივის გაცოცხლება ეკონომიკურად. დღეს ეს აქტივი ლიცენზიით არის გაცემული და რომელი კომპანიაც მოვა, უცხოური იქნება, თუ ადგილობრივი, ეს იქნება ლიცენზიით აღებული, არ იქნება კერძო საკუთრებაში და შესაბამისად მისი მოტივაცია არ იქნება, განავითაროს ინფრასტრუქტურა, რომ უფრო გაზარდოს ხელფასები. როდესაც კომპანიას ლიცენზიით და იჯარით იღებენ, ყოველთვის მსგავსი პრობლემებია და მსგავსი პრობლემები იქნება მანამდე, სანამ ეს აქტივი სახელმწიფო საკუთრებაში დარჩება.
იმისათვის რომ დასაქმებული ადამიანების პრობლემა მოკლევადიან პერიოდში მოვაგვაროთ, ამ მხრივ მთავრობის ჩართულობა აუცილებელია და მოკლევადიან პერიოდში მთავრობამ უნდა იმუშაოს, რომ მოხდეს აქტივის განკერძოება.
– თქვენ ახსენეთ რომ ძალიან ბევრი საწარმოა 100%-ით სახელმწიფოს ხელში და სამწუხაროდ ისინი არ არიან დიდად წარმატებულები.
მათი აბსოლუტური უმრავლესობა საერთოდ რატომ, არსებობს და რატომ ხარჯავს გადასახადის გადამხდელების ფულს, ცალკე საკითხია.
წლებია ვსაუბრობთ, რომ სასურველია ეს ყველაფერი სწრაფად გახდეს კერძო იმისათვის, რომ რეალურად იმუშაოს ეკონომიკაზე და იქ დასაქმებული ადამიანებისთვისაც შესაფერისი პირობები შეიქმნას.
რატომ აფერხებს მთავრობა ამ პროცესს. არც ერთი მთავრობა არ იყო ამ მხრივ მოწადინებული, მაგრამ ახლა კომპანია სახელმწიფოს კუთვნილებაშია…
– საბჭოთა მემკვიდრეობა გადმოგვყვა. ყველა ხელისუფლების მხრიდან იყო განცხადებები, რომ აქტივების განკერძოება მოხდება, თუმცა რეალობა სულ სხვაა. მთლიანი ეკონომიკური აქტივობები დაახლოებით 70-80 % ჯერ კიდევ სახელმწიფო საკუთრებაშია.
რეალურად ჩვენ რაც გვინდა, რომ ევროპის და განვითარებული ქვეყნების ეკონომიკას დავემსგავსოთ, ზუსტად ეს გზა უნდა გავიაროთ. სამწუხაროდ არც ერთი მთავრობა ამ მიმართულებით არ მუშაობს.
ზუსტად არ შემიძლია ვთქვა, რა ხდება, პოლიტიკური ინტერესებია, თუ სხვა გაურკვევლობაა.
როდესაც ვსაუბრობთ, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საწარმოები რატომ მუშაობენ წაგებაზე, ამის ახსნა ძალიან მარტივია, რადგან არ არიან კონკურენციაში და თუ წაგებაზე წავლენ, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდებიან. ის არის მონოპოლიურ რეჟიმში და მის მართვას არ აქვს მოტივაცია, რომ ბიზნესი იყოს მოგებაზე. შესაბამისად იქ ჩნდება კორუფცია და ნეპოტიზმი, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დასაქმება და ა.შ. რადგან კვალიფიკაციას მნიშვნელობა არ ენიჭება. მთავარია, დირექტორი ასრულებდეს თავის ფუნქციას და დამთავრებულია.
კერძო სექტორში პირიქით ხდება. ერთმანეთთან კონკურენციაში შედიან და ამ კონკურენციის პირობებში, რომელსაც ცუდი მენეჯმენტი ექნება, ის გავარდება ბაზრიდან. აქედან გამომდინარე ყველა კერძო კომპანია ჩართულია, რომ ბიზნესი წარმატებული იყოს და მომგებიანი. სხვა შემთხვევაში ბაზრიდან გავარდება.
სახელმწიფოს პირობებში კონკურენცია არ გვაქვს, დაფინანსების წყარო არის უწყვეტი და შესაბამისად მოტივაციაც არ აქვთ, რომ სახელმწიფო საწარმოები ეფექტიანად მუშაობდეს.

– იმედია, ბორჯომთან დაკავშირებით ეს პრობლემა არ იქნება და სახელმწიფო იფიქრებს კერძო ინვესტორზე. მით უფრო, რომ დიდი ხანია ეს კომპანია კერძო ხელშია და ავად თუ კარგად წარმატებით მუშაობდა.
რა ვადებში ელოდებით საკითხის საბოლოოდ გადაჭრას?
– ვადების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. დრო გვიჩვენებს, მაგრამ მთავარია, მთავრობამ პოლიტიკური ნაბიჯები გადადგას. დარწმუნებული ვარ, კვლავ ლიცენზიის გადაცემა მოხდება და ვითარებას წვეთოვანზე გადავიყვანთ და რეალური გამოსავალი აქ არ იქნება. უბრალოდ კომპანიას დავეხმარებით, რომელიც დასანქცირებულია. სახელმწიფო ფულს ჩადებს და დროებით მიზერულად მოაგვარებს დასაქმებულების პრობლემას.
ასეთი განცდა მაქვს, მაგრამ რეალურად ბორჯომი იმდენად მიმზიდველია მსოფლიოში, როგორ შეიძლება ეს აქტივი არ იყოს მომგებიანი და არ ქმნიდეს დიდ ეკონომიკურ დოვლათს.
იმისთვის რომ უცხოური თუ ადგილობრივი ინვესტორების დაინტერესება მოხდეს, აუცილებელია ამ აქტივის განკერძოება.
ეს ერთადერთი გამოსავალია. ნებისმიერ წიაღს თუ სახელმწიფო ქონებას ეს ეხება იმისათვის, რომ რეალურად ეფექტიანად იმუშაოს იმისთვის, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიტანონ აქციები, ივაჭრონ და შემოვიდეს უცხოელი ინვესტორი და კომპანია მოგების გზაზე დაადგეს.
