ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების პროცესში, ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ისაუბრა.
მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში, მმართველი გუნდის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მიზანმიმართულია ევროპელების გასაღიზიანებლად. ხვიჩიას თქმით, რისი გაფუჭებაც შეეძლო „ქართულ ოცნებას“ უკვე გააფუჭა.
„ქართული ოცნების რიტორიკა ბოლო პერიოდში მიზანმიმართულია ევროპელების გასაღიზიანებლად. მე არ ვიცი რის მიღწევას ცდილობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მათთვის ამ რიტორიკას კარგი შედეგი არ მოუტანია და რაც უფრო გაჯიუტდებიან ამ პოზიციაში, მით უფრო გამოიჩენს თავს ეს პრობლემა. არ მესმის რისი მიღწევა უნდათ საქართველოს მთავრობაში, მაგრამ შეუიარაღებული თვალითაც ჩანს რომ ადეკვატურობასთან ახლოს არ უნდა იყოს.
რისი გაფუჭებაც შეეძლო „ქართულ ოცნებას“ უკვე გააფუჭა. ყველასთვის ყველაფერი გასაგებია და მგონია, რომ გადაწყვეტილება უკვე იქნება მიღებული და პრაქტიკაში სჭირდება ასახვა. აწმყოში შეიძლება საამაყო არაფერი გვაქვს, მაგრამ წარსულზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, თუ ვინმე იმსახურებს კარის გაღებას ეს ჩვენ ვართ ყველანაირი თვალსაზრისით, ეს იქნება ევროპული იდეის და ბევრი სხვა თვალსაზრისით.
თუ ჩავთვლით იმას, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უარი თქვა, მისი სამოქმედო არეალი შეიძლება მცირდებოდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, საჯაროდ საუბარი იმ თემებთან დაკავშირებით, რომელიც პრეზიდენტმა იცის, თვითონ არის მონაწილე და მეტად შეუძლია საზოგადოების ინფორმირება, ჩემი აზრით ყველაზე ადეკვატური საქციელი იქნებოდა ამწუთას, რომ გააგებინოს, შიგნითა მხრიდან, ქართული ოცნების გადმოსახედიდან, როგორ უყურებენ ისინი რეალურად სიტუაციას“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
