საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აფასებს.
“სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი”, – აღნიშნა კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სუსტი ანალიზის შედეგი სავარაუდოდ, ინფორმაციის ნაკლებობა იყო.
„სამწუხაროდ, ძალიან სუსტი ანალიზი იყო წარმოდგენილი. ანალიზის სისუსტე შეიძლება ორი რამის შედეგი იყოს: ერთი, ინფორმაციის დეფიციტის. ჩვენ რამდენჯერმე გვქონდა მცდელობა პრეზიდენტისთვის მიგვეწოდებინა დეტალური ინფორმაცია იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც კულისებში წარიმართება, წარიმართებოდა ასევე შარშან 19 აპრილის შეთანხმების გარშემო, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ომის დაწყების შემდეგ და ა.შ. თუმცა, ამ ინფორმაციას ის არ იღებდა. გვქონდა შეხვედრები, მაგრამ არ ჰქონდა ის რეაქცია ინფორმაციებზე, რაც უნდა ჰქონოდა.
მთლიანობაში, ძალიან სუსტი იყო ის ანალიზი, რომელიც წარმოდგენილი იყო. ბევრი საჯაროდ ცნობილი ფაქტი იყო მხედველობიდან გაშვებული და ა.შ. სრულიად გულუბრყვილობაა ასეთი რამ დაიჯერო, რომ რეზოლუციის მიზეზი იყო „ნაცმოძრაობის“ კარგი მუშაობა და ჩვენი ცუდი მუშაობა, ეს არის ღიმილის მომგვრელი“, – განაცხადა კობახიძემ.
