პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა და მას შემდეგ არცერთი ფაქტი არ არსებობს იმისა, რომის ჩაერია პოლიტიკაში ან მედიაში, შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქის დეფინიციის ქვეშ ვერ მოხვდება.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ „იმედის“ ეთერში განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი არცერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს ოლიგარქს და ამას ახსნაც აქვს.
„ამ წლების განმავლობაში მას 3 მილიარდი დოლარი აქვს დახარჯული საქართველოში მხოლოდ ქველმოქმედების სახით. ეს აუდიტით დადასტურებული ინფორმაციაა. ამის შესახებ უამრავი ფაქტი იცის საზოგადოებამ – როგორ ეხმარებოდა კონკრეტულ ადამიანებს, ტაძრების, თეატრების აღდგენა და ა.შ. უამრავი ფაქტია, რაზეც საზოგადოებას სრული წარმოდგენა აქვს. მას არაფერი უშოვია საქართველოდან, მით უმეტეს პოლიტიკიდან, პირიქით, გასცა ქველმოქმედებაზე 3 მილიარდი დოლარი“, – ამბობს კობახიძე.
მისივე თქმით, არიან კონკრეტული შეძლებული პირები, რომლებსაც აქვთ პირდაპირი გავლენა, როგორც მედიაზე ასევე პოლიტიკაზე და მაგალითად დავით კეზერაშვილი მოჰყავს.
„მაგალითად, რომ ავიღოთ უკრაინული კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ მიიღეს, – ამ კანონის მიხედვით ოლიგარქად აუცილებლად ჩაითვლებოდა ცნობილი კეზერაშვილი, რომელსაც აქვს 85 მილიონზე მეტი. ეს არის ამ კანონით დადგენილი ზღვარი. მას აქვს საკუთრებითი უფლებები მედიის მიმართ და ეს მედია პირდაპირ არის პოლიტიკურ პროცესში ჩარეული“, – ამბობს კობახიძე.
