LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ბავშვობაში, საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა ცეკვის მიმართ, რადგან ძალიან მაკლდა დედასთან ურთიერთობა” – მარიამ მათიაშვილი „არტ-FM“-ში

გადაცემის ლაივი LIVE

28 ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ნაციონალური ბალეტის ,,სუხიშვილების” მოცეკვავე მარიამ მათიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც 30 ივნისსა და პირველ ივლისს დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა.

– მარიამ, რა პროგრამით წარდგებით პუბლიკის წინაშე 30 ივნისს დაგეგმილ კონცერტზე?

– პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ერთგვარ შემაჯამებელ კონცერტებზე დასი სრული შემადგენლობით წარდგება პუბლიკის წინაშე. მუხლის ტრავმის გამო 4 კონცერტის ჩაგდება მომიხდა, ამიტომ ახლა განსაკუთრებული ენთუზიაზმით ვემზადები. თბილისის კონცერტების შემდეგ ბათუმელი მაყურებლის წინაშე წარვდგებით, მოგვიანებით ნიაზ დიასამიძესთან ერთად შევასრულებთ ორ კომპოზიციას ფილარმონიის სცენაზე, მერე კი, რუსთავში გავემგზავრებით ფესტივალ „ოქსიგენში“ მონაწილეობის მისაღებად.

– კარგად გვახსოვს თქვენი მოგზაურობა უკრაინაში, როცა კონცერტებით ჩასული საომარი მოქმედებების ეპიცენტრში აღმოჩნდით,

– პოლონეთში გამართული 20 კონცერტის შემდეგ, უკრაინაში ვგეგმავდით გამოსვლებს, თუმცა გასაგები მიზეზების გამო უკან მოგვიწია გაბრუნება. საგასტროლო ტურნე მოგვიანებით გავაგრძელეთ, 5 ქვეყანაში ვიყავით და 11 კონცერტი მოვაწყვეთ. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენს დასს მთელ ევროპაში იცნობენ და ძალიან უყვართ. გასტროლებიდან რამდენიმე დღის წინ დავბრუნდით და თელავში გავემგზავრეთ, სადაც პანდემიის გამო გადადებული კონცერტი გავმართეთ.

– პირადად თქვენთვის რას ნიშნავს პუბლიკის სიყვარული?

– რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი მაყურებლის შეფასებაა, რადგან ბევრად კრიტიკულად აფასებს ნებისმიერ გამოსვლას და ყველაზე გულწრფელ ემოციასაც მისგან ვღებულობთ.

– რამდენად რთულია ასეთი რეჟიმით, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვით მუშაობა?

– ჩვეულებრივ, რეპეტიცია 4-5 საათი გრძელდება, თუმცა ახალი დადგმის მზადებისას ბევრად ინტენსიურად ვმუშაობთ. მართალია, მძიმე სამუშაო პროცესი გვაქვს, მაგრამ წარმატებული გამოსვლა სრულად ანაზღაურებს ჩვენს მონდომებას.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კოსტიუმი?

– ნამდვილად ვერ გამოვყოფ, რადგან ყველა ძალიან მიყვარს.

– როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენც დედის პროფესიას აირჩევდით და მოცეკვავე გახდებოდით.

– ბავშვობაში, საშინელი პროტესტის გრძნობა მქონდა ცეკვის მიმართ, რადგან ძალიან მაკლდა დედასთან ურთიერთობა. თუმცა, წამოზრდილმა განსხვავებული თვალით შევხედე ყველაფერს და თვითონაც მომინდა ცეკვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან საოცრად საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს.