დებატების ეროვნული ტურნირის ფინალისტები უკვე გამოვლენილია. 3-დღიანი ტურნირის შედეგად გამარჯვებულები და 10 საუკეთესო მომხსენებელი 14 ივლისს საზეიმო ცერემონიალზე დაჯილდოვდებიან. საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ორგანიზებით გამართულ ტურნირში თბილისის და რეგიონების საჯარო სკოლების დებატკლუბების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეული გუნდები მონაწილეობდნენ.
პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 60 დებატკლუბი მოქმედებს. დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.

„ძალიან გვიხარია, რომ გამოვავლინეთ საუკეთესო მოდებატეები მთელი საქართველოდან.
ტურნირში თბილისის და რეგიონების სკოლებიდან 700-მდე მოსწავლისგან შერჩეული გუნდები მონაწილეობდნენ, და, რაც განსაკუთრებით აღსანიშნავია, „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ პროექტის ფარგლებში შესაძლებელი გახდა ტურნირში მაღალმთიანი რეგიონებიდან სკოლის მოსწავლეების ჩართვა და აქტიური მონაწილეობა“, – განაცხადა საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა თინათინ ცერცვაძემ.
დებატების ტურნირი 25 ივნისს მწვანე სკოლაში გაიხსნა. 3-დღიანი ტურნირის შედეგად გამარჯვებულები და 10 საუკეთესო მომხსენებელი გამოვლინდებიან, რომელთაც გადაეცემათ სპეციალური სერტიფიკატები, სამახსოვრო საჩუქრები და თასები, მათ შორის ნუცა მახვილაძის სახელობის თასი.
მოდებატე ანანო ბიწაძე ერთ-ერთი ფინალისტია.
„დებატების სკოლაში ერთი წელია რაც მოვხვდი. ამ პერიოდში შევიძინე ისეთი უნარები, რომელიც არამარტო ტურნირში, ასევე ცხოვრებაშიც გამომადგა. ვისწავლეთ არგუმენტირებული მსჯელობა, სხვისი აზრის მოსმენა და პატივისცემა და სხვა. ეროვნულმა ტურნირმა, რომელშიც ვმონაწილეობთ, თავისთავად, დიდი გამოცდილება მოგვცა“, – აღნიშნა ანანო ბიწაძემ.
წელს პირველად პანდემიის შემდეგ ტურნირი ჩატარდა პირისპირ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თბილისის მწვანე სკოლაში. ღონისძიებაში დებატსკოლისა და არსებული დებატკლუბების წევრებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ კლუბების ხელმძღვანელები და მსაჯები.
დებატების ტურნირი ხორციელდება საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის პროექტის ,,დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის მწვანე სკოლასთან პარტნიორობით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვა.
