რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ქალაქ მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე იმ კორპუსის მცხოვრებლებმა, სადაც რამდენიმე დღის წინ აივანი ჩამოიშალა და 2 ადამიანი დაიღუპა, აქცია გამართეს.
ნარიმანოვის ქუჩის მცხოვრებლების თქმით, უბედური შემთხვევის შემდეგ მათ მუდმივად შიშში უწევთ ცხოვრება, ისინი რეაგირებას ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ითხოვენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, ამ წუთებში მოსახლეობას ხვდება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, კენან ომაროვი. შეხვედრა მედიისთვის დახურულია.
„გვეშინია საკუთარ სახლებში ცხოვრების, არ ვიცით კიდევ როდის, რომელი აივანი შეიძლება დაინგრეს. მერია არაფერს გვთავაზობს. ვისაც აივანი ჩამოენგრა, ის ოჯახები გადაიყვანეს სასტუმროში და დანარჩენების მდგომარეობა საერთოდ არ აინტერესებთ.
რამდენიმე დღე გავიდა უბედური შემთხვევიდან და ნახეთ, ჩამონგრეული აივნების ნარჩენები ისევ ეზოში ყრია. ვითხოვთ, ან ყველანი გაგვიყვანონ აქედან, ან ისეთი გონივრული ზომა მიიღონ, რომ ჩვენ საფრთხის წინაშე აღარ აღმოვჩნდეთ“, – ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები „მთავარ არხთან“ საუბრისას.
ამავე თემაზე:
მარნეულში კორპუსის მე-5 სართულზე აივანი ჩამოინგრა – გარდაიცვალა ერთი ადამიანი და დაშავდა ორსული ქალი
მარნეულში აივნის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ორსული ქალი გარდაიცვალა
ექიმებმა მარნეულში, კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს
როგორია უბედური შემთხვევის დროს გადარჩენილი ჩვილის მდგომარეობა
