LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო სახელმწიფო ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი, რომელიც დაკავებიდან 2 დღეში გარდაიცვალა

სამშობლოს ღალატში ბრალდებული რუსი მეცნიერი, დიმიტრი კოლკერი, რომელიც გასულ კვირას ციმბირში დააკავეს და ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მოსკოვში გადაიყვანეს, დაკავებიდან ორ დღეში გარდაიცვალა.  მედიაში გავრცელებული ინფორმაცია ადვოკატმა დაუდასტურა.

“გუშინ გარდაიცვალა, ჩვენ საჩივარს შევიტანთ მის დაკავებასთან დაკავშირებით”. – თქვა ადვოკატმა.

კოლკერის ოჯახის ინფორმაციით, მოსკოვის ციხეში გადაყვანამდე მეცნიერი ციმბირის ქალაქ ნოვოსიბიკის საავადმყოფოში მილის საშუალებით იკვებებოდა.

კოლკერი ფიზიკისა და მათემატიკის პროფესორი იყო. ოჯახის თქმით, მას ბრალი დასდეს ჩინეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობაში, სადაც მანამდე სამეცნიერო ლექციებს კითხულობდა. მეცნიერის ოჯახი ბრალდებებს უარყოფს.

შაბათს, რუსულმა სამთავრობო მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ ნოვოსიბირსკში სახელმწიფო ღალატის ბრალდებით კიდევ ერთი მეცნიერი დააკავეს. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ორი შემთხვევა ერთმანეთს.

ბოლო წლებში, რუსეთში ამ ბრალდებით არაერთი მეცნიერი დაუკავებიათ, მათ ადანაშაულებდნენ “სენსიტიური მასალის” გადაცემაში უცხოელებისთვის.

სახელმწიფო ღალატი რუსეთში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.