როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ხვალ და რომ ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი – ყველამ უნდა გააკეთოს ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეუძლია,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
მისი ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს მთლიანი ფრონტის ხაზის გასწვრივ, თუმცა ფრონტის ხაზს დაშორებულ ქალაქებში მოდუნება იგრძნობა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, არავის არ უნდა დაავიწყდეს, რომ ომი არ დასრულებულა და უნდა დაეხმაროს ჯარს და გამოიყენოს ყველა კავშირები საზღვარგარეთ, რათა ომის საშინელების შესახებ ნამდვილი ინფორმაცია გაავრცელოს.
„დღეს რუსეთის ჯარი აგრძელებს რაკეტებით თავდასხმას ჩვენს ქალაქებზე. საღამოს მდგომარეობით უკვე იყო 6 სარაკეტო თავდასხმა, ჯამში 12 რაკეტა. მიკოლაევზე, დონეცკის ოლქზე გრძელდებოდა საავიაციო თავდასხმა. სასტიკი საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, დონბასში, რა თქმა უნდა, ეპიცენტრი ლუგანსკის ოლქის ქალაქებშია. ძლიერდება მტრის აქტივობა ხარკოვის ოლქში. შესაძლებელი გახდა ოკუპანტების გაყრა ივანოვკიდან, ვაგრძელებთ ზეწოლას ჩვენი ქვეყნის სამხრეთით. უკან მდებარე ბევრ ქალაქში ახლა მოდუნება იგრძნობა, მაგრამ ომი არ დასრულებულა – ის არის. სამწუხაროდ, მისი სისასტიკე ზოგჯერ იზრდება კიდეც და არ შეიძლება ამის დავიწყება. ამიტომ, აუცილებლად დაეხმარეთ ჯარს, დაეხმარეთ მოხალისეებს, დაეხმარეთ ყველას, ვინც ამ დროში მარტო დარჩა. გამუდმებით გამოიყენეთ ყველა თქვენი კონტაქტი საზღვარგარეთ, ყველა თქვენი საინფორმაციო საშუალება – უბრალოდ სოციალური ქსელებიც კი, რათა გაავრცელოთ სიმართლე ომზე და ჩვენს მიწაზე ოკუპანტების მიერ ჩადენილ დანაშაულზე. ხვალაც და მთელი ახალი კვირის განმავლობაში იქნება უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები, შეხვედრები – დიპლომატიურ აქტივობას არ ვამცირებთ არც ერთი დღით. ველით ახალ გადაწყვეტილებებსაც პარტნიორებისგან თავდაცვით დახმარებასთან დაკავშირებით. მთავარია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ჩვენთვის დღეს, უნდა გვახსოვდეს, რომ დადგება ხვალ და რომ ხვალინდელმა დღემ უნდა მოუტანოს უკრაინას მაქსიმალური სარგებელი – ყველამ უნდა გააკეთოს ამისთვის აბსოლუტურად ყველაფერი რაც შეუძლია. მადლობა ყველა ჩვენს დამცველს, თქვენ ყოჩაღები და ძლიერები ხართ! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
