ვარდისებრთა ოჯახის წარმომადგენელი ჟოლო გემოსა და არომატის გარდა, ჯანმრთელობისათვის სასარგებლო ბევრი თვისებითაც გამოირჩევა. ის, 1-2 მეტრი სიმაღლის ეკლიანი ბუჩქია. ნაყოფი ივლის-აგვისტოში მწიფდება. მკურნალობის მიზნით, სწორედ მისი მწიფე ნაყოფი გამოიყენება, როგორც ახალი, ისე გამომშრალი. მისი გამოშრობისათვის საჭიროა თხელ ფენებად ჯერ მზეზე გააშროთ, შემდეგ კი სპეციალურ ღუმელში გადაიტანოთ.

ჟოლოს ნაყოფი შეიცავს ეთეროვან ზეთს, გლუკოზას, ფრუქტოზას, C და B ჯგუფის ვიტამინებს, კაროტინს, კალიუმის მარილებს, სპილენძს და სხვა. მის შემადგენლობაში დიდი რაოდენობით შედის პურინები, რომლებსაც ახასიათებთ ცენტრალური ნერვული სისტემის აღგზნებისა და შარდის გამოყოფის გაძლიერების თვისებები, ამიტომ მისი მიღება არარეკომენდებულია ნიკრისის ქარითა და ნეფრიტით დაავადებულთათვის. ჟოლოს ხშირი მირთმევა დეპრესიასთან გამკლავებაშიც დაგეხმარებათ. ეს, მასში შემავალი სპილენძის დამსახურებით ხდება. სპილენძი ანტიდეპრესანტების ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია, ამიტომ სანამ აბებს მიმართავდეთ, იქამდე ჟოლო სცადეთ. ჟოლო ახალგაზრდობის შენარჩუნებაშიც დაგვეხმარება. ამაზე, მასში შემავალი A, PP და B2 ვიტამინები იზრუნებენ. ისინი კანის ტონუსს, სიგლუვესა და სიმკვრივეს უწყობს ხელს.

მედიცინაში ჟოლოს ნაყოფი გამოიყენება როგორც მადისა და ოფლის მომგვრელი, სიცხის დამწევი, ღებინების საწინააღმდეგო, ამოსახველებელი საშუალება და ა.შ. ჟოლოს წვენს ახასიათებს ანტიბაქტერიული თვისებები. ოჯახურ პირობებში შესაძლებელია ჟოლოს ნაყენის დამზადება შემდეგი რეცეპტით: 2 ს/კ მშრალ და გარეცხილ ჟოლოს ნაყოფს ასხამენ 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალს და აყოვნებენ 20 წუთით დახურულ მდგომარეობაში, რის შემდეგაც წურავენ და დაახლოებით 2 საათიანი შუალედებით დღეში 2-3 ჭიქა ცხელ ნაყენს სვამენ. ფაღარათის დროს კარგია ჟოლოს ფოთლებისგან მიღებული ნაყენი. ამისათვის, 2 ს/კ წვრილად დაჭრილ ფოთლებს ასხამენ ერთ ჭიქა მდუღარე წყალს.

ჯანმრთელობისთვის ძალიან სასარგებლოა ჟოლოს მურაბაც. 1კგ ჟოლოს დააყარეთ ამდენივე შაქარი, გააჩერეთ ვიდრე წვენი არ გამოუვა და მოხარშეთ. სხვა კენკროვანებისაგან განსხვავებით, ჟოლოს მურაბა იმითაც გამოირჩევა, რომ ასეთ მდგომარეობაში თითქმის ყველა სასარგებლო თვისებას ინარჩუნებს. ვიტამინებისა და მინერალების შენარჩუნებას ხელს შეუწყობთ, თუ, ხარშვის პროცესში მურაბას ნახევარ ჭიქა ჭარხლის ახლად გამოწურულ წვენს დაუმატებთ.

