“ბიძინა ივანიშვილი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას, რადგან ის რესურსი, რაც შეიქმნა პოლიტიკურ ველზე “ქართული ოცნების” სახით, სავსებით საკმარისია, გინდა ინტელექტუალურად, გინდა ავტორიტეტით და გინდა საზოგადოებრივი მხარდაჭერით,” – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც ვოლსკი აღნიშნავს, არ არსებობს არანაირი ფინანსური მექანიზმი, რომელიც ივანიშვილს გადააწყვეტინებს, რომ პოლიტიკაში დაბრუნდეს.
“ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც პატრიოტიზმი, ქვეყნისათვის თავდადება არის მთავარი თემა. არ არსებობს არანაირი ფინანსური მექანიზმი, რომელიც მას გადააწყვეტინებს, რომ ან პოლიტიკაში დაბრუნდეს ან ზემოქმედება მოახდინოს პოლიტიკურ პროცესებზე კანონის დარღვევით. მისი ადვოკატი ფაქტებზე საუბრობს. საოცარია, რომ შვეიცარიულმა ბანკმა გადადგა ასეთი ნაბიჯი, როცა მეორე მსოფლიო ომის დროსაც შენარჩუნებული ჰქონდა თავის ავტორიტეტი, თავის ნეიტრალობით, საბანკო სისტემით. როცა ბანკის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ამის საფუძველი, ესე იგი იჭრება ისეთ პოლიტიკურ პროცესში, რომელიც თქვენ საშუალებას გაძლევთ მე კითხვები დამისვათ და აბსოლუტურად ლოგიკურია, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ადვოკატების თემა იქნება. მარტო საქართველოს მიმართ რომ იყოს რეზოლუცია, მე ვიტყოდი, რომ კი, რაღაც საკითხია ისეთი, რომელიც ექსკლუზიურია, მაგრამ სულ ახლახან პოლონეთის მიმართ მიიღო ძალიან მკაცრი რეზოლუცია, რომელშიც გმობს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას, რომ პოლონეთს გაუხსნეს დახმარების ტრანში. ასე რომ, სამწუხაროა, თუ ბანკი გარკვეულ პოლიტიკურ თამაშებში იღებს მონაწილეობას,”- განაცხადა ვოლსკიმ.
