LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გორის სამხედრო აკადემიაში 51 წლის ლოგისტიკის თანამშრომელი მამაკაცი სავარაუდოდ, გულის შეტევით გარდაიცვალა

გორის თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი 51 წლის ელგუჯა კედელაშვილი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„მიმდინარე წლის 28 ივლისს, სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ტერიტორიაზე სამსახურში ყოფნისას, თავდაცვის ძალების ლოგისტიკის სარდლობის ინფრასტრუქტურული ცენტრის თანამშრომელი, 1971 წელს დაბადებული, სამოქალაქო პირი ელგუჯა კედელაშვილი, შეუძლოდ გახდა.

მას პირველადი სამედიცინო დახმარება ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამედიცინო სამსახურის მიერ ადგილზე გაეწია, თუმცა, სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მიუხედავად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანამ იგი დაუყოვნებლივ გადაიყვანა „გორმედის“ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელმაც გარდაცვალება დაადასტურა.

პირველადი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო გულის უეცარი გაჩერება, ზუსტ მიზეზებს კი, შესაბამისი ექსპერტიზა ადგენს.

თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით და თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს.“– ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.