ივნისში ეკონომიკური ზრდამ 7,2% შეადგინა. იანვარი – ივნისის საშუალო ზრდა გამოვიდა 10,5%, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული ეკონომიკური ზრდა გამორჩეულია არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელი ევროპის მასშტაბით. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს იმისათვის, რომ ეს დინამიკა შენარჩუნდეს.
„მაგალითისთვის, ივნისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა გაიზარდა 20,4%-ით, ხოლო ახლად რეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 6641 ერთეულს გაუტოლდა, რაც დაახლოებით 36%-ით არის მეტი გასული წლის მონაცემთან შედარებით. ასევე, ექსპორტი გაიზარდა 28%-ით და შეადგინა 448 მილიონი დოლარი. გაჯანსაღების ტენდენციები ასევე მაღალია ტურიზმის სექტორში. ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დონე ივნისში იყო 88,7%, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 300 მილიონ დოლარზე მეტი. ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა არის საგრძნობლად გაზრდილი და ივნისში შეადგინა 427 მილიონი დოლარი, შესაბამისად, ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება და მაღალი ეკონომიკური ზრდა გვექნება წელს”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, 7 თვეში ბიზნესს დღგ-ს ზედმეტობის სახით 1 273 000 000 ლარამდე დაუბრუნდა.“საკრედიტო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი კვლავ BB სტაბილურ დონეზე შეაფასა. უნდა აღინიშნოს, რომ ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოს BB რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია, როგორც საიმედო და ეფექტიანი პოლიტიკის ჩარჩო, ასევე, მმართველობის ღია ინდიკატორები. საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე მაღალ დონეზე ფიქსირდება, რაც უკვე აღვნიშნე, რაც მთავრობის ვალის მშპ-სთან წილის სტაბილიზებას უწყობს ხელს, ხოლო მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით გააჩნია მნიშვნელოვნად მაღალი მმართველობის ინდიკატორები“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
