LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გზაზე ქვაბები ეყარა, ცოტა იქით კი ხანშიშესული ქალი იწვა, სასწრაფოს არ მიყვებოდა, შვილი მყავს კიბოთი ავად, ჩავარდნილია და ვინ მოუვლისო” – ნუგეშა ბებოს სევდიანი ამბავი პატარა მიტარბიდან და მოხუცი ცოლ-ქმარი, რომელთაც დახმარება სჭირდებათ

ერთ-ერთი ფეისბუქმომხარებელი პატარა მიტარბიში მომხდარ შემთხვევაზე წერს და მივიწყებული სოფელში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმრის დახმარების ინიციატივით გამოდის. როგორც მარიამ ნატროშვილი წერს, მოხუცი ქალი, რომელსაც ბაზარში ყველი მიჰქონდა გასაყიდად, ცხენიდან გადმოვარდა და წვივი გაებზარა. მას შინ ონკოპაციენტი შვილი ელოდა.

ამ სევდიან ისტორიას გიზიარებთ უცვლელად, დახმარების მსურველებს კი მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეგიძლიათ თანხის ჩარიცხვა და მოხუცებისთვის მძიმე ყოფის ცოტა შემსუბუქება.

“ფეხით მოვდიოდით პატარა მიტარბიდან უკან. გზა ლამაზია, მაგრამ გაფუჭებული, ქვა-ღორღიანი. გზის გასწვრივ მდინარეა, ჩავუხვიეთ, გზაზე რომ დავბრუნდით კვადროციკლმა მტვრის ბუღი დააყენა. ძალიან ჩქარა მოდიოდა. კვადროციკლს ცხენი სირბილით მოსდევდა, უნაგირით, მაგრამ მხედრის გარეშე. გზა გავაგრძელეთ. რამდენიმე ნაბიჯში დავინახეთ, რომ გზაზე ქვაბები ეყარა, ცოტა იქით კი ადამიანი იწვა. მივხვდით, რომ ცხენიდან გადმოვარდა. ხანშიშესული ქალი იყო, გზაზე თვალდახუჭული იწვა გვერდულად. გვერდით ძაღლი იჯდა. ვკითხეთ როგორ იყო. სასწრაფოში დავრეკოთ? რა ტკივა? რა დაარტყა? რამე ხომ არ მოიტეხა? გვითხრა რომ არაფერი არ უნდა, დავრეკე უკვე სოფელშიო. ტელეფონი ამ გზაზე ძალიან ცუდად იჭერს, თითქმის არ იჭერს. მოვახერხე და სასწრაფოში დავრეკე, ავიხსენი სად ვიყავით, რომ ქალი ცხენიდან გადმოვარდა. მანქანა 4-5 კმ-ში გვეყენა. სასწრაფოს აქ მოსასვლელად 1 საათი მაინც დაჭირდებოდა. ქალი ფეხზე იკიდებდა ხელს, ეტყობოდა რომ ძალიან სტკიოდა, მაგრამ ხმას არ იღებდა. კვადროციკლის ხმაზე დაფრთხა ცხენი და გადმომაგდო, ზევიდან დამეცაო. ვთხოვდით არ განძრეულიყო და როგორმე მოეთმინა სასწრაფოს მოსვლამდე.
– ერთხელ მაინც, კვირაში ერთხელ მაინც რომ იყოს მანქანა ან მარშუტკა. არაფერი სოფელში არ დადისო – გვითხრა. ლაპარაკის ძალაც არ ჰქონდა ტკიუვილისგან, ჩუმად ლაპარაკობდა. ყველი მიქონდა ცხენით სოფლიდან წაღვერში გასაყიდად. სასწრაფო არ მინდა, წამიყვანენ და ვერსად ვერ წავალ, ავადმყოფი მყავს სახლშიო.
დეთუ მიტარბისკენ წავიდა, ვინმეს დავუძახებო. მალე დაბრუნდა მოხუც კაცთან ერთად. კაცი მივიდა, ცდილობდა წამოეყენებინა. ქალს ძალიან ტკიოდა, მაგრამ წამოდგომა სცადა, ვერ შეძლო. ვუთხარით, რომ არ შეიძლება განძრევა, ჯობია დაველოდოთ სასწრაფოს. მოხუცი კაცი იქვე ჩამოჯდა. მანამდე ეს კაცი სოფელთან ჩვენც შეგვხვდა, ალბათ გააცილა ცოლი და სახლში ბრუნდებოდა.
ველოდებოდით, სასწრაფო არ ჩანდა. ვურეკავდით, მაგრამ ვერ გვეუბნებოდნენ როდის მოვიდოდა.
ალბათ სადღაც 1 საათი გავიდა, როცა უკვე სირენის ხმა გავიგეთ.
ექთნები გადმოვიდნენ.
სახელი კითხეს – ნუგეშა მქვიაო.
ნუგეშა რა გტკივა? – ჰკითხა ექთანმა.
უპატრონობა მტკივაო -უპასუხა ნუგეშამ – უპატრონობა.
ექთნებმა გამაყუჩებელი გაუკეთეს და უთხრეს რომ საავადმყოფოში უნდა წაგიყვანოთ და გაგსინჯოთო. გაჯიუტდა, არ მიყვებოდა, შვილი მყავს კიბოთი ავად, ჩავარდნილია და ვინ მოუვლის მე რომ წამოვიდეო. ქმარმა, მე მარტო ვერ მოვუვლიო. ექთანმა აბა რატოღა გამოგვიძახეო. როგორც იქნა, დავარწმუნეთ რომ გაყოლოდა. ქმარს რაც ქეში მქონდა მივეცი, მეთქი- წამალი ან რამე დაგჭირდებათ, არ მართმევდა, თვალები აუცრემლიანდა, ძალით ჩავუდე ხელში.
საღამოს მეზობელ ბიჭს ველაპარაკე, წვივი ჰქონია გაბზარული. ნუგეშას ეტყობოდა, რომ ძლიერი ქალია. დარწმუნებული ვარ ადვილად დადგება ფეხზე.
მაგრამ, რა უშველის უპატრონობის ტკივილს? რა წამალი?
პ.ს. ამ ასაკში წვივის გაბზარვა, რა თქმა უნდა, ცუდია, 74 წლის არის ნუგეშა. ან ჩავარდნილ შვილს როგორ მოუვლის. ვეღარც ყველს ვერ წაიღებს წაღვერში გასაყიდად, სანამ ფეხი არ შეუხორცდება. ყველის გაყიდვა კი სავარაუდოდ შემოსავლის ერთადერთი წყაროა მათთვის.
იქნებ ფული შევუგროვოთ, რომ ცოტათი მაინც დავეხმაროთ ყველასგან დავიწყებულ სოფელში მოხუც ცოლ-ქმარს ავადმყოფი შვილით?
პ.პ.ს.
მეგობრებო, ველაპარაკე ნუგეშას მეზობელს, დათოს. დავდებ ჩემს ანგარიშის ნომერს, რომელზეც შევაგროვებთ თანხას, ხოლო დათო ნუგეშას გადასცემს.
ანგარიშის ნომერს დავდებ ცალკე კომენტარში რომ ადვილად დააკოპიროთ, გთხოვთ დანიშნულებაში ჩაწეროთ “ნუგეშა”. რა თქმა უნდა, თანხის შეგროვების შემდეგ რაოდენობას და ჩარიცხვებს დავპოსტავ. ძალიან მიხარია, რომ ცოტაოდენით მაინც დავეხმარებით ნუგეშას.

GE76TB7506445068100002″, – წერს ნატროშვილი.