LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თავდაცვის სამინისტრო: სამხედრო მოსამსახურის დათხოვნის შემდეგ, პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება, დადგინდება, რეალური დოკუმენტებია თუ არა და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში

მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან. მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც უწყებაში აცხადებენ, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ცალკეულ პარტიულ მედიასაშუალებებში აბსურდულ და მიზანმიმართულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების მოტყუებას, სამთავრობო უწყებების დისკრედიტაციასა და ვიწრო პარტიული ინტერესების გატარებას. კერძოდ, ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელიც ამტკიცებს, რომ, თითქოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებს მიჰყიდა თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები.

ამასთან, მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მისმა სატელიტმა პარტიებმა, აღნიშნულ დეზინფორმაციაზე დაყრდნობით, სცადეს პოლიტიკური დივიდენდების მოპოვება. აღნიშნული ინფორმაცია არის სიცრუე და ბრალდების არც ერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

კერძოდ, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით არ ინახება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ერთეულებში და იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.

მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში. ამგვარად შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო. შესაბამისად იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანია „მთავარის“ წერილი ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ თავდაცვის სამინისტროში შემოვიდა, თუმცა სიუჟეტის ავტორი და „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაელოდნენ გადამოწმებული და ზუსტი ინფორმაციის კანონით დადგენილ ვადებში მიღებას და არჩიეს დეზინფორმაციის გავრცელება, რაც მიუთითებს, რომ მათ ქართველი სამხედროების ხარჯზე ვიწროპარტიული მიზნების მიღწევა სურდათ.

სამწუხაროა, რომ ტელეკომპანია „მთავარი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ განაგრძობენ მიზანმიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიას საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ცალკეულ მედიასაშუალებებს და პოლიტიკურ ლიდერებს, რომ თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებისგან.

მსგავსი დეზინფორმაციები მხოლოდ საზოგადოებაში დაძაბულობის შემტანია მაშინ, როცა ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს“, – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ოკუპანტის ხელში აღმოჩნდა ინფორმაცია ქართველ მებრძოლზე, რომელსაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდა.

ქართველი თადარიგის ოფიცრის პირადი საქმის აღმოჩენას რუსი სამხედროების ხელში გამოეხმაურა დღეს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი. მთავრობის სტრატკომი აქცენტს აკეთებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას განცხადებაზე და წერს:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფორმალური თავმჯდომარე, ნიკანორ მელია ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს თავდაცვის სამინისტროს არქივში არსებული ინფორმაცია გადაეცა ოკუპანტს, რაც, რა თქმა უნდა, არის გაკოტრებული ძალის გაკოტრებული ლიდერის მიერ მოგონილი კიდევ ერთი დეზინფორმაცია და ცილისწამება, რომელიც ემსახურება საზოგადოებაში დაძაბულობის მუხტის გაჩენას და მმართველი გუნდის დისკრედიტაციას“.

აღნიშნულ თემაზე დღეს გაკეთებული განცხადებები:

მელია: უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს რუსეთს აწვდის – თავდაცვის სამინისტრო რუსული სპეცსამსახურების ქვედანაყოფად იქცა

ხოშტარია: „ქართული ოცნება“ მტრებს ჩვენი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს – ეს არის ღალატი