LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ, შენი პატრიოტიზმი ათმაგდება… ორადორი სიმღერა გავაკეთე და ორივე თბილისზე, რადგან ძალიან მენატრებოდა აქაურობა“ – ნინი წიკლაური

5 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ნინი წიკლაური სტუმრობდა, რომელმაც თავის კარიერაზე და ამერიკულ ცხოვრებაზე ისაუბრა. გადაცემაში სიმღერის „ჩემი საყვარელი თბილისი“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა სიმღერის „დღეები მშვენიერი“ ცოცხალი შესრულებაც მოისმინა.

ნინი, პოპულარობის პიკში იყავი, როცა ამერიკაში წასვლა გადაწყვიტე. არ გაგიჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება?

დღემდე არ ვიცი, როგორ და რატომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ყველაფრის დათმობა და უცხო ქვეყანაში წასვლა, სადაც შენი სახელი და გვარი კი არა, საერთოდ არსებობაც არ იციან და ალბათ, არც აინტერესებთ, კიდევ ცალკე საკითხია. ასე დაგეგმილი არ მქონია წასვლა, წავედი და ისე მოხდა, რომ დავრჩი. ძალიან მოვირგე იქაური რუტინა, მივხვდი, რომ მეც იმ სიჩქარეში დავიწყე ცხოვრება და ვერ გამოვედი იმ ვაკუუმიდან.

ალბათ, ამერიკაში ცხოვრება იმანაც გაგიადვილა, რომ მეუღლესთან ერთად წახვედი.

კი და შვილებიც იქ შემეძინა. ვფიქრობ, რომ საბამ მიმაჯაჭვა ამერიკას. ორივე შვილს ქართულად ვზრდი და მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ქართულად ისაუბრონ. აქცენტით, მაგრამ კარგად ლაპარაკობენ. თავიდან ძალიან მიჭირდა, რადგან ოჯახს რომ თავი დავანებოთ, მთელი ჩემი სამეგობრო აქ მყავს. სულ ვამბობ, რომ ჩემი ცხოვრება ორ ნაწილად იყოფა, რადგან „ჯეოსტარის“ მერე ახალი ცხოვრება დამეწყო. ჩემი ცხოვრების მეორე ნაწილმა კიდევ უფრო მყარი გახადა ჩემი სახელი, უფრო მკვეთრად გააფერადა. ადამიანებისთვის ნაცნობი გავხდი. ეს ყველაფერი კი საქართველოს უკავშირდება, ამიტომ ის, რომ მე ეს დამევიწყებინა, გამორიცხულია. ძალიან დამეხმარა ქართული ემიგრაცია და ამას აუცილებლად უნდა გავუსვა ხაზი. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ემიგრანტი მისმენს ახლა და ძალიან ელოდებოდნენ ჩემს ამ ეთერს, რადგან სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მათზე ვსაუბრობ იმიტომ, რომ ამწუთას მეც მათი ნაწილი ვარ, სამწუხაროდ, მეც ემიგრანტის სახელს ვატარებ. ძალიან არ მიყვარს სიტყვა ემიგრაცია, რადგან თითქოს გადახვეწილ ადამიანთან ასოცირდება, სინამდვილეში კი ასე არ არის, არც ერთი დღე, არც ერთი წამი, არც ერთი ემიგრანტი არ ცხოვრობს საქართველოს გარეშე. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი ბევრ აქ მყოფ ქართველზე მეტად არიან საქართველოზე შეყვარებულები. როდესაც საზღვარგარეთ მიდიხარ, შენი პატრიოტიზმი ათმაგდება, უცებ აღმოვაჩინე, რომ აქაურობა ძალიან მყვარებია. წარმოიდგინეთ, ორად ორი სიმღერა გავაკეთე და ორივე თბილისზე, რადგან ძალიან მენატრებოდა აქაურობა.

რამდენად შეცვლილი დაგხვდა თბილისი?

შეცვლილი დამხვდა, ძალიან თან.

აპირებ სამომავლოდ საქართველოში დაბრუნებას თუ ახლო მომავალში ისევ ამერიკაში ხედავ შენს თავს?

წეღანაც ვთქვი, რომ ჩემმა შვილებმა სამუდამოდ მიმაჯაჭვეს ამერიკას, რადგან ორივე იქ დაბადებულია და იქ იზრდება. მინდა თუ არ მინდა, ამერიკასთან უწყვეტი კავშირი მაქვს. რომ გითხრათ, იქ მინდა დაბერება და ცხოვრების გატარება-მეთქი, არა. აქ არის მთელი ჩემი სამეგობრო, ადამიანები, რომელთან ერთადაც გავიზარდე, თუნდაც თქვენ, კომპანია, სადაც პირველი ნაბიჯები გადავდგი სიმღერის მიმართულებით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან მანამდე სახლში ვიჯექი, მერე უცებ კი ისე აღმოჩნდა, რომ ფილარმონიის დიდ სცენაზე დავდექი და ეს არ იყო პატარა ამბავი. მე რომ ეს პატარა კარიერა არ მქონოდა, ალბათ, ფრენა-ფრენით წავიდოდი ამერიკაში, მაგრამ ჩემნაირი სიტუაციის მქონე ადამიანისთვის ეს ძალიან რთული, უმძიმესი ფსიქოლოგიური სტრესია, ვერ ვთმობდი და ახლაც ვერ ვთმობ ამ ყველაფერს. 7 წლის განმავლობაში პირველად ჩამოვედი საქართველოში და ისევ განმიახლდა ეს ყველაფერი.

ვისაუბროთ ახალ სიმღერაზე „ჩემი საყვარელი თბილისი“.

ახალი სიმღერა ამერიკაში დაიწერა, მაგრამ აქ ჩავწერე, რადგან სიმღერა რომელიც თბილისს ეხება აუცილებლად მარტო ქართველმა უნდა გააკეთოს. არანჟირება დათო უგრეხელიძეს ეკუთვნის. ცოცხალი არანჟირებაა, რისთვისაც დიდი მადლობა მას, რადგან ცოცხალ ინსტრუმენტებს სხვა ჟღერადობა აქვს ხოლმე. მუსიკის ავტორი მე ვარ. ტექსტის ავტორი ძალიან კარგი ქალბატონი, ელენე სალარიძეა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული მწერალია. ქალბატონი ელენეს შვილი, სალომე ემიგრაციაშია და ასე გადავიკვეთეთ. სალომემ მითხრა, რომ დედამისმა რაღაც საოცარი ტექსტი დაწერა, ტექსტს რომ ვკითხულობდი, თან ვმღეროდი, თითქოს პირდაპირ იმღერებოდა.

ამერიკაში რამდენად ხშირად იმართება კონცერტები, რამდენად ხშირად გიწევს საყვარელი საქმის კეთება?

სხვათა შორის, ქართული კონცერტები ხშირად იმართება და მეც აბსოლუტურად ყველა კონცერტში ვარ დაკავებული. ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა იქაურ ემიგრაციას, არსად მტოვებენ, ყოველთვის მეძახიან, ცდილობენ, რომ ყველაფერში ჩართული ვიყო და მათთან ვიყო. ეს ადამიანები არ მაძლევენ იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ მე საქართველოში დავტოვე ყველაფერი და ამერიკაში ვერაფერს ვაკეთებ. ხშირად ამ კონცერტების და საღამოების წამყვანიც კი ვარ. ვმოღვაწეობ ჩემს პატარა ბენდთან ერთად, ბენდის წევრებიც ქართველები არიან. მყავს გიტარისტი, დრამერი, კლავიშზე თავად გახლავართ. მაქვს ქართული რეპერტუარი, ოღონდ სახეშეცვლილი, რა თქმა უნდა, ვცდილობ ისეთი არაფერი შევცვალო, რომ კომპოზიტორს ან ტექსტის ავტორს ვაწყენინო, მაგრამ ისეთ ვერსიას ვაკეთებ, რომ ამერიკელმაც მოუსმინოს და ქართველმაც. როცა იქ მოღვაწეობ, ცოტა იქაური ქუდიც უნდა მოირგო. ახლა ამერიკაში ჩემი მთავარი საქმიანობა პედაგოგობაა. არსებობს ქართული კულტურის ცენტრი „ფესვები“, რომელიც 100%-ით ქართულ საქმეს ემსახურება. ამ სტუდიაში ისწავლება ქართული ცეკვა, ქართული-ხალხური საკრავები, ვოკალი. მე ვოკალის განხრა მაბარია, ვმუშაობ ვოკალისტად და თან ამ სტუდიის მუსიკალური ხელმძღვანელი ვარ. ძალიან ბევრი ბავშვი მყავს და არა მხოლოდ ქართველები. ნიუ-იორკში კარგი პედაგოგის სახელი მაქვს.

შენს შვილებს რამდენად აქვთ ვოკალური მონაცემები?

სხვათა შორის, ორივე არაჩვეულებრივად მღერის.

გინდა, რომ ამ პროფესიას გაჰყვნენ?

რა თქმა უნდა, მინდა, რომ კარგი სიმღერა იცოდნენ, მაგრამ ამ პროფესიის არჩევას არ ვურჩევდი, რადგან ჩვენი პროფესია არ არის ძალიან შემოსავლიანი. ჩემს შვილებს ვურჩევდი, რომ კარგად იმღერონ, მაგრამ სხვა რაღაცაც ისწავლონ. რა თქმა უნდა, თვითონ თუ გადაწყვეტენ, რომ მუსიკა უნდათ, მე ამაში ხელს ვერ შევუშლი, პირიქით, დავეხმარები კიდეც. მთავარია, კარგი მსმენელები იყვნენ და კარგი მუსიკის ფასი იცოდნენ, ეს კიდევ სხვა ნიჭია.

 

ნინი წიკლაური – ჩემი საყვარელი თბილისი

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ნინი წიკლაური – დღეები მშვენიერი. Live

 

ნინი წიკლაური. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი