LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მეგობრები ხშირად დამცინიან, შეცდომით ხომ არ აირჩიე პროფესიაო… სიმღერა ჩემი ჰობია” – ლაშა უჩავა პრემიერით „არ დაიდარდოში“

5 აგვისტოს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი – ლაშა უჩავა სტუმრობდა. გადაცემაში სიმღერის „ნეტა“ პრემიერა შედგა. რადიოს მსმენელმა სწორ კვებასთან დაკავშირებული ძალიან საჭირო რეკომენდაციებიც მიიღო.

ლაშა, როგორც ვიცი, საოცრად მელომანი ადამიანი ხარ.

კი, ძალიან მიყვარს სიმღერა, ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა და სულ ვცდილობდი, რომ ბევრი მუსიკოსისთვის მომესმინა და გამეცნო ისინი. შეიძლება, ამან განაპირობა, მუსიკა და სიმღერა ასე ძალიან რომ შემიყვარდა. მეგობრები ხშირად დამცინიან, შეცდომით ხომ არ აირჩიე პროფესიაო (იცინის). სიმღერა ჩემი ჰობია, რამდენად კარგად გამომდის, ეს სხვამ უნდა შეაფასოს. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ბევრ ისეთ ადამიანთან მიწევს ურთიერთობა, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ და რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლებად ექიმზეც გადადის გარკვეული ემოციები, სიმღერა და მუსიკა კი ჩემთვის ერთგვარი განტვირთვაა, ამ დროს რაღაცნაირად ბედნიერად ვგრძნობ თავს.

როდის დაიწყეთ სიმღერების ჩაწერა?

თუ არ ჩავთვლით ბავშვობის ასაკს, როდესაც მუსიკალურ სტუდიაში დავდიოდი და იქ ვმღეროდი, პირველად პროექტის „ექიმები მღერიან“ ფარგლებში ჩავწერე სიმღერა. მაშინ, ბექა ჩხაიძის „ფერია“ და მაიკლ ბუბლეის  „sway” ვიმღერე, ეს იყო ჩემი პირველი გამოსვლა დიდ სცენაზე.

როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს პირველ გამოსვლას?

აღნიშნულ საღამოს ლაშა ღლონტი ესწრებოდა, რომელმაც ძალიან თბილი სიტყვები მითხრა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო. შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ამ სიმღერის ვიდეო და თვითონ ბექა ჩხაიძემ მომწერა, ძალიან კარგად მღერიო. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები სტიმულის მომცემი იყო. მეგობრებმა მანამდეც იცოდნენ, რომ მიყვარს სიმღერა, შესაბამისად, ამას დიდი გაკვირვება არ გამოუწვევია მათში. სოციალურ ქსელში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა ვიდეოს და მივხვდი, რომ ეს არავის აღიზიანებდა და რომ გარკვეულწილად, სიხარულს და ბედნიერებას ვანიჭებდი ადამიანებს ამ ყველაფრით, რაც სასიამოვნო იყო.

სანამ სიმღერის პრემიერაზე გადავალთ, ჯანსაღ კვებაზე ვისაუბროთ. როგორი უნდა იყოს დღის რაციონი, როგორ უნდა ვიკვებოთ ისე, რომ წონაშიც დავიკლოთ და ჯანმრთელობასაც არ მივაყენოთ ზიანი?

გამომდინარე იქიდან, რომ ზაფხულია, ეს თემა ძალიან აქტუალურია, რადგან ყველას უნდა ლამაზ ფორმაში ყოფნა. მე ყოველთვის ვსაუბრობ იმაზე, რომ მხოლოდ ზაფხულისთვის არ უნდა ვიზრუნოთ ჩვენს სილამაზეზე და ჯანმრთელობაზე, ორივე მათგანი ყველა სეზონზე საჭიროა. აღსანიშნავია, რომ ზაფხულში კიდევ უფრო მარტივია ჯანსაღი კვება, რადგან მზის სხივები იმხელა ენერგიას გვაძლევს, რომ დაახლოებით 30%-ით მცირდება საკვებზე მოთხოვნილება, თან ბუნება ბევრი ხილით და ბოსტნეულით გვანებივრებს, ისინი კი დაბალი გლიკემიური ინდექსით გამოირჩევიან, ანუ ნახშირწყლების დაბალი შემცველობა აქვთ. ზაფხულის პერიოდში, ზამთართან შედარებით ფიზიოლოგიურადაც ნაკლებია ცხიმოვანი ქსოვილი.  ზამთარში ხშირია ცხიმოვანი ქსოვილის 3-დან 5 კილოგრამამდე მატება, ეს ფიზიოლოგიური პროცესია, ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია იმისთვის, რომ ორგანიზმი სიცივეს გაუმკლავდეს. პლუს ამას, ზაფხულში უფრო მეტსაც ვმოძრაობთ და უფრო მეტ სითხესაც ვიღებთ. თუ დღის რაციონზე და მასში არაჯანსაღი საკვების არსებობაზე ვისაუბრებთ, თუ ჩვენი რაციონის 80% ჯანსაღი იქნება და 20% არაჯანსაღი, ასეთ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ იმ დღემ წარმატებით ჩაიარა. მაგალითისთვის, დილა შეგიძლიათ დაიწყოთ იოგურტით ან ნებისმიერი სხვა რძის პროდუქტით, ხაჭოთი, მაწვნით და მასთან ერთად ხილით, რომელიც გარკვეულ გემოვნებასაც შესძენს აღნიშნულ საკვებს. ეს თან მსუბუქი საუზმე იქნება და თან ცილასაც მიიღებთ და ნახშირწყლებსაც. პირველი სამხარი 3-4 საათში შეიძლება იყოს ხილით ან ბოსტნეულით. სადილი აუცილებლად ნოყიერი უნდა იყოს და მასში ყველა ორგანიზმისთვის აუცილებელი კომპონენტი უნდა შედიოდეს, მათ შორის, ცხიმიც. ცხიმი ორგანიზმისთვის აუცილებელია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის, რადგან გარკვეული ჰორმონების წარმოსაქმნელად გარკვეული ცხიმებია საჭირო. შესაბამისად, თუ სრულად გამოვრიცხავთ ცხიმს, ამან შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიწვიოს, როგორიც დისმენორეა, ანუ მენსტრუალური ციკლის დარღვევაა. ცხიმი შეიძლება მივიღოთ რძის პროდუქტებისგან, მაგრამ უმჯობესია თუ თევზის ან ხორცის მეშვეობით მივიღებთ, რადგან ხორცში ცხიმის გარდა კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი კომპონენტია, მინერალების და ვიტამინების სახით. ძალიან ხშირად ჰგონიათ, რომ თუ საერთოდ არ მიირთმევენ საკვებს, ეს წონის კლების პროცესზე დადებითად იმოქმედებს, მაგრამ იმისთვის, რომ ორგანიზმმა შეასრულოს ნივთიერებათა ცვლა მას აუცილებლად სჭირდება გარკვეული რაოდენობის საკვები. თუ გარკვეულ საკვებს არ მივიღებთ, ნივთიერებათა ცვლა არ წარიმართება და რეალურად ჩვენი ორგანიზმი ვერ გამოიყენებს ცხიმოვან ქსოვილს. რაც შეეხება ვახშამს, ის ძალიან მსუბუქი უნდა იყოს. ვახშამი დაწოლამდე, დაძინებამდე 2-3 საათით ადრე უნდა მივირთვათ. ვახშამი შეიძლება იყოს ბოსტნეული რძის პროდუქტებთან ერთად. წონის კლებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ძილიც.

ამ ყველაფერთან ერთად ფიზიკური დატვირთვაც საჭიროა?

ფიზიკური აქტივობა ყოველთვის საჭიროა, თუმცა წონაში კლების თვალსაზრისით მისი წილი მამაკაცებსა და ქალბატონებში სხვადასხვაა. თუ მამაკაცების შემთხვევაში 60% დიეტაზე და 40% ფიზიკურ აქტივობაზე მოდის, ქალბატონებთან ეს პირიქითაა, მათ ბევრად მეტი ფიზიკური აქტივობა სჭირდებათ წონის კლებისთვის, რაც დაახლოებით 60%-ს შეადგენს. ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურად უნდა იყოს შედგენილი როგორც კვების რაციონი, ისე ფიზიკური აქტივობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის მიღება. დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 2 ლიტრი, სადღაც 6-დან 8 ჭიქამდე წყალი უნდა მივიღოთ. წყლის რაოდენობაც ინდივიდუალურად, წონის მიხედვით გამოითვლება, რომ გავიგოთ, რა რაოდენობის წყალი გვჭირდება, ჩვენი წონა 0,033-ზე უნდა გავამრავლოთ.

არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან ბევრს ჭამენ და არ სუქდებიან და არიან ადამიანები, რომლებიც, ძალიან მარტივად სუქდებიან. შეიძლება სიმსუქნე გენეტიკურ პრობლემად ჩაითვალოს?

კი, რადგან მეტაბოლიზმი გენეტიკურია. სიმსუქნის გარდა არსებობს მეორე ძალიან დიდი პრობლემა, რომელსაც წონის დეფიციტი ჰქვია. არსებობენ ადამიანები, რომელთაც წონის მომატება უნდათ, მაგრამ ვერ იმატებენ.

შეიძლება არასწორი დიეტით იქამდე მივიდეს ადამიანი, რომ წონის დეფიციტის პრობლემა შეექმნას და შემდეგ ვეღარ მოიმატოს წონაში?

კი, ასეთ ძალიან ბევრ ადამიანს მოუმართავს ჩემთვის. ეს ძირითადად თვითნებური დიეტების შედეგად ხდება. უამრავი გავრცელებული კვების რაციონია, რომელიც შეიძლება წონის კლების თვალსაზრისით შედეგიანი იყოს, მაგრამ ისინი ჯანმრთელობას აზიანებენ. ერთის გაკეთებით მეორე არ უნდა დავაზიანოთ, ჩვენი მიდგომა კომპლექსური უნდა იყოს, უნდა ვიზრუნოთ, როგორც ჯანმრთელობაზე, ისე ესთეტიკურ მხარეზე.

ვისაუბროთ სიმღერაზე, რომლის პრემიერაც დღეს შედგება. როდის და როგორ შეიქმნა სიმღერა „ნეტა“?

სიმღერის მუსიკაც და ტექსტიც მე მეკუთვნის, დაახლოებით 12-13 წლის ასაკში დავწერე. ახლა იმ პერიოდში დაწერილი ორი სიმღერა გავაცოცხლე. არ მახსენდება, ვისდამი სიყვარულს მივუძღვენი ეს სიმღერები, თუმცა ტექსტის და მელოდიის გათვალისწინებით, ძალიან შეყვარებული ვიყავი. ორივე სიმღერა ცირა ბზიშვილის სტუდიაში ჩაიწერა, მას ეკუთვნის სიმღერების არანჟირებაც. გარკვეული კორექტირებები ორივე სიმღერის ტექსტში შევიტანე, რადგან ცოტა ბავშვური სიტყვებიც იყო გამოყენებული. ტექსტის კორექტირებაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეგობარს, ნიკა ხაჩიძეს, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო. მუსიკალური ჟანრის შერჩევისთვის დიდი მადლობა ნოდიკო ტატიშვილს. ამ ნამუშევარში ჩემი სიმღერის და ლექსის ერთგვარი კოლაბორაცია მოვახდინე. ლექსი ჩემთვის ძალიან საყვარელი ადამიანების, ელენე გიორგაძის და ვასილ ჩაჩიბაიას სიყვარულის ისტორიას მივუძღვენი. სიმღერა ყველა შეყვარებულს ეძღვნება.

 

ლაშა უჩავა – ნეტა

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

ლაშა უჩავა. გადაცემა “რადიო დუეტი”. ვიდეო კოლაჟი