საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილი გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას, რომ “ქართულმა ოცნებამ” მარეგულირებელ კომისიაში “ტვ პირველის”, “მთავარისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, აცხადებს, რომ არავინ (ტელევიზიების) სანქცირებას არ ითხოვს, კანონი აძლევს ყველას საშუალებას, რომ რაღაც საკითხზე სარჩელი შეიტანოს.
როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, მას კონკრეტულ სარჩელზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა, მათ აქვთ უფლება სამართლებრივ გზას მიმართონ.
„მე არ ვიცი, რა რეკლამაზეა საუბარი და კონკრეტულად რა სარჩელზე. თქვენ ამბობთ, რომ “სარჩელი შეიტანეს”, ანუ ჩვენ სამართლებრივი გზით რაღაცას ვაპროტესტებთ, გვაქვს ამის უფლება? – კანონით გვაქვს. ალბათ, არის რაღაც საკითხი, რომლის გაპროტესტებაც კანონით უნდა მოხდეს. თუ კანონით აღმოჩნდება, რომ სანქცია ეკუთვნით, მაშინ ეს არის კანონიერი გადაწყვეტილება, თუ კანონი გადაწყვეტს, რომ არ გეკისრებათ, მაშინ არ გეკუთვნით,”– განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისათვის, „ტვ პირველის“ ინფორმაციით, “ქართულმა ოცნებამ” მარეგულირებელ კომისიაში სარჩელი შეიტანა “ტვ პირველის”, “მთავარის” და “ფორმულას” წინააღმდეგ. ამ ნაბიჯს ტელევიზიაში მედიაზე წნეხის შექმნის მცდელობად აფასებენ.
“ქართული ოცნება” ბრალს გვდებს იმაში, რომ ჩვენ არაასაარჩევნო პერიოდში გავუშით პოლიტიკური რეკლამა. “ქართული ოცნება” ჩივის იმაზე, რომ მათი სინქრონებია გამოყენებული 24 ივნისის აქციის მოწოდების კლიპში, რომელიც აქციის ორგანიზატორებმა გააკეთეს და ჩვენ ეს ეთერში გავუშით.
“ქართულ ოცნებას” ყოფნის თავხედობა, რომ მარეგულირებელი კომისია გამოიყენოს იმისთვის, რომ ერთგვარად დაგვაჯარიმოს. ამის პრეცედენტი “მთავარ არხზე” უკვე იყო. მიზანი ამ ყველაფრის იქნება ფინანსური სანქციები“, – აცხადებს “ტვ პირველის” აღმასრულებელი დირექტორი ნანა აბურჯანიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, „ქართული ოცნება“ „მთავარ არხს“ „ტვ პირველსა” და ტელეკომპანია “ფორმულას” იმ კლიპის გამო უჩივის, რომელიც აქციის “შინ ევროპისკენ” ორგანიზატორებმა მოამზადეს.
კლიპში „ქართული ოცნების“ ლიდერების ის განცხადებებია თავმოყრილი, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება ანტიევროპულ და ანტიუკრაინულ კამპანიას აქტიურად ეწევა.
