კანადური ქალაქის ექსეტერის მკვიდრი თავის სამძიმარს დაესწრო და ცოტა ხანში გარდაიცვალა კიდეც. ამის შესახებ ინფორმაციას The London Free Press ავრცელებს.
67 წლის რონა რეიდერს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. ექიმებმა ჩათვალეს, რომ დაავადების მკურნალობას უკვე აზრი აღარ ჰქონდა და კანადელს მხოლოდ სიმშვიდე გამოუწერეს. ამის შემდეგ მომაკვდავმა მამაკაცმა შვილებს გამოუცხადა, რომ სურდა საკუთარ სამძიმარზე კარგი დრო ეტარებინა. „თუკი ეს გარდაუვალია და ხალხიც მოვა, მინდა ამ პროცესს მეც ვესწრებოდე,“ – აუხსნა რონამ ახლობლებს.
ასეთი გადაწყვეტილება შვილებს სულაც არ გაჰკვირვებიათ, რადგან მამას ყოველთვის ყველაფრის თავისებურად კეთება უყვარდა. რეიდერმა დამკრძალავი ბიუროს დირექტორს დაურეკა და სამძიმრების ორგანიზება დაავალა, თანაც დაუზუსტა რომ ეს მის ცხოვრებაშივე უნდა მომხდარიყო.
„ბიურო უკვე 140 წელია რაც მუშაობს და მსგავსი შეკვეთა პირველად მივიღეთ“.
„წვეულებაზე“ დასასწრებად 350 ადამიანი მივიდა: მეგობრები, ნათესავები და რაიდერის თანამშრომლები. იქვე იყო ჰოკეის გუნდიც კი, რომელთანაც კაცი ახალგაზრდობაში თამაშობდა. „ეს მართლაც საოცარი დღე იყო. ძალიან დავიღალეთ და ემოციურად გამოვიფიტეთ, თუმცა ეს ამად ღირდა.“ – განაცხადა შირლიმ, რეიდერის მეუღლემ.
9 დღის შემდეგ მამაკაცი საყვარელი ადამიანებით გარემოცული გარდაიცვალა.
