LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: კიევის სკოლებში რუსული ენის სწავლება გაუქმდება

„კიევის სკოლებმა რუსული ენის სრულად მიტოვება გადაწყვიტეს“, – ამის შესახებ უკრაინული მედიასაშუალებები წერენ.

მედიის ცნობით, ახალი სასწავლო წლიდან სასკოლო პროგრამები აღარ ითვალისწინებს საგნების რუსულ ენაზე სწავლებას და, ზოგადად, აღარც რუსული ენის შესწავლას არც ძირითად და არც არჩევით საგნად.

აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ საუბარია კიევის მუნიციპალიტეტის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის საპასუხო წერილში, რომელიც ახალგაზრდულ კლუბ „ჯურას“ მისწერეს.

ოფიციალური წერილის ფოტო პოლიტიკის მეცნიერმა და ბლოგერმა ანდრი სმოლიმ გაავრცელა.

როგორც უკრაინული მედია წერს, კლუბმა რუსულენოვანი კლასები მოითხოვა, ამის შემდეგ კი განათლების დეპარტამენტიდან მიიღო წერილი, რომ 2022-2023 სასწავლო წლიდან კიევის სკოლებში რუსულენოვანი სწავლება აღარ იქნება.

„კიევში სკოლის მოსწავლეები აღარ ისწავლიან საოკუპაციო ენას, ამის შესახებ აღნიშნულია კიევის საქალაქო ადმინისტრაციის საპასუხო წერილში. იმედი მაქვს, ასე იქნება. 1 სექტემბრიდან ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ სიტუაციას“, – აღნიშნავს ბლოგერი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში