LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

1 და 10 ევროიანი ბილეთების ერა დასრულდა – Ryanair-ის ბოსი

ირლანდიური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Ryanair ბილეთებს ყველაზე დაბალი ტარიფით აღარ გაყიდის, ანუ 1 და 10 ევროიანი ბილეთების ერა დასრულდა. ასეთი განცხადება ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ BBC-ის რადიოს ეთერში გააკეთა.

ცნობილი დაბალბიუჯეტიანი გადამზიდის ხელმძღვანელმა დააზუსტა, რომ ფასების ზრდა საავიაციო საწვავის ღირებულების მკვეთრ ზრდას უკავშირდება. ევროპული კომპანიის ბილეთების საშუალო ღირებულება საშუალო 40 ევროდან 50 ევრომდე გაიზრდება და მომავალი 5 წლის განმავლობაში ამ მხრივ სასიკეთო ცვლილებები მოსალოდნელი არ არის.

„ალბათ სადავოც არ არის ის საკითხი, რომ ყველა სხვა დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას შორის ყველაზე დაბალი ტარიფები ჩვენ გვაქვს – ბილეთები 1 ევროდ, 0,99 ევროდ და 9,99 ევროდ. მე ვფიქრობ, ასეთ ფასებს უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში თქვენ ვეღარ იხილავთ. 10 ევროდ ფრენის ეპოქა წარსულს ჩაბარდა.“ – განაცხადა ო’ლირიმ.

ამასთან, ryanair-ში ფიქრობენ, რომ მიუხედავად მოგზაურობის ღირებულების ზრდისა, ხალხი შეეცდება სხვადასხვა ბიუჯეტური გზები მოძებნოს და ფრენების სიხშირე არ შეამციროს.