ბრიტანელი დეპუტატი, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ტობაიას ელვუდი თვლის, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის დარღვევა იქნება.
ნატო-ს წესდების მე-5 მუხლის თანახმად, ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა ნატო-ს წევრ ყველა ქვეყანაზე თავდასხმას ნიშნავს.
“ნებისმიერი მიზანმიმართული დაზიანება, რომელიც გამოიწვევს უკრაინის ბირთვულ რეაქტორზე რადიაციის პოტენციურ გაჟონვას, იქნება ნატო-ს მე-5 მუხლის დარღვევა“, – წერს ბრიტანელი დეპუტატი „ტვიტერზე“.
მის პოსტს ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება და აცხადებს, რომ ეს საკითხი განხილვას არ ექვემდებარება და რადიაციის ნებისმიერი გაჟონვა, რომელიც ნატო-ს წევრ ქვეყნებში ადამიანების მკვლელობას გამოიწვევს, ავტომატურად ალიანსის წესდების მე-5 მუხლის დარღვევას ნიშნავს.
