რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ედუარდ ისაკოვმა საჯაროდ დაგმო და მოღალატე უწოდა საკუთარ შვილს, 25 წლის დიანას, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა.
მან განაცხადა, რომ ქალიშვილთან სრულიად გაწყვიტა ურთიერთობა და ზრუნვა, რადგან მან „გაყიდა მამა, ოჯახი, სამშობლო და დატოვა რუსეთი“. თავად 25 წლის დიანამ ინტერვიუში თქვა, რომ მათ მჭიდრო კომუნიკაცია არ ჰქონიათ.
„უცხოურ აგენტებად აღიარებულმა მედიამ გამოაქვეყნა ინტერვიუ ჩემს უფროს ქალიშვილთან ჩემი პირველი ქორწინებიდან, დიანასთან. იგი გამოხატავს თავის პოზიციას სპეციალური სამხედრო ოპერაციის ჩატარების წინააღმდეგ, მისი ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, ამ მედიიდან მიიღო ფული, ანუ გაყიდა მამა, ოჯახი, სამშობლო და დატოვა რუსეთი. ძნელია სიტყვების პოვნა, როცა შენი ქალიშვილი მოღალატე აღმოჩნდება.
აპრილში დიანამ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. როცა ამის შესახებ შევიტყვე, ვცადე ამეხსნა, რით იყო გამოწვეული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შევთავაზე მოენახულებინა სსრკ-ის სამხედრო დიდების აღმნიშვნელი ადგილები, წაეკითხა ქვეყნის ისტორია… შევთავაზე დონბასში მოხალისედ წასვლა და იმ ხალხისთვის დახმარება, რომელიც ომშია 8 წლის განმავლობაში, რათა პირველწყაროებისაგან მიეღო ცნობები სპეციალური სამხედრო ოპერაციის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს შვილს მხოლოდ “ჰაიპი” სურს მსგავს საკითხებზე. მან მიმართა მედიას და მოუყვა საკუთარი პოზიციის შესახებ, არ დავიწყებია იმის აღნიშვნაც, რომ სენატორის შვილია.
როგორც კი გავარკვიე, რომ ანტირუსული პოზიციები ჰქონდა, კომუნიკაცია შევწყვიტე, შევაჩერე მისი დახმარება და არ უზრუნველვყოფ საცხოვრებელი ადგილით. ვიმედოვნებდი, რომ იშოვიდა სამსახურს, დაიწყებდა ფიქრს და ცხოვრებას სრულწლოვანი ადამიანივით. მაგრამ გადაწყვიტა, ფული ინტერვიუს გაყიდვით ეშოვა, სადაც საკუთარ თავს სენატორის შვილად წარადგენდა”, – აცხადებს სენატორი ისაკოვი.
ცნობილია, რომ 25 წლის დიანა სხვადასხვა ინტერვიუების დროს ომის წინააღმდეგ გამოდის, მან ასევე მონაწილეობა მიიღო ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში.
