”ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა დიხამინჯია მიმართავს სტუდენტებს, ასევე მათ, ვინც წელს უნივერსიტეტში ვერ მოხვდა და სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს.
“გილოცავთ უნივერსიტეტებში მოხვედრას, მეგობრებო. ვინც ვერ მოხვდით, ეგ არაფერი, ჩემმა შვილმაც აიღო ერთწლიანი პაუზა სკოლის დამთავრების მერე და ამაზე უკეთესს ვერაფერს იზამდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე მშვენიერ უნივერსიტეტში იყო მოხვედრილი. მეორე წელს სხვებშიც შეიტანა და წელს ზუსტად ისეთში იწყებს სწავლას, ყველანაირად რომ მოსწონს.
საერთოდ უნივერსიტეტს თუ არ აირჩევთ, ეგეც არაა პრობლემა – ჯერ ერთი, უამრავი პროფესიული სასწავლებელია და იქ შეიძლება მეტი ცოდნაც მიიღოთ, ვიდრე ზოგ უნივერსიტეტში. მეორეც, დღეს თვითგანათლების შესაძლებლობაც ძალიან ბევრია. მთავარია, თვითგანვითარება იყოს მიზანი, ჯანმრთელობა გიწყობდეთ ხელს, გარემო არ გახრჩობდეთ და ყველგან შეძლებთ.
სადაც არ უნდა გააგრძელოთ სწავლა, მაინც საბოლოოდ თქვენზე იქნება დამოკიდებული, რა ცოდნას მიიღებთ. ძალიან კარგად ვიცნობ საქართველოს განათლების სისტემას ყველა საფეხურზე, მისი სიკეთეებიც ვიცი და ნაკლოვანებებიც, მაგრამ საბჭოთა სისტემაც კარგად მახსოვს და ძირითადად მასზე უკეთესია თქვენი შესაძლებლობები.
ყბადაღებულ კოდირებას რაც შეეხება – კოდირება ქარგვა კი არაა, მარტო მარტივ პროცედურებს მოიცავდეს, კურსების შესწავლაც ისეთივე შრომა სჭირდება, როგორც უნივერსიტეტში სწავლისას. ხშირად კი უფრო მეტიც, რადგან გვერდზე არ გყავს ადამიანი, ვინც პრობლემაზე გაჭედვისას სწრაფად აგიხსნის. ზოგადად პროგრამირებას რაც შეეხება, როგორც ახალი ტექნოლოგიური სივრცეების და პროდუქტების შექმნის ხელოვნებას, უმაღლესი მათემატიკის გარეშე მხოლოდ მის ნაწილს დაფარავთ, დანარჩენი სწორედაც მეცნიერულ ცოდნას და აზროვნებას მოითხოვს, უფრო და უფრო მეტად. ვინც ინჟინერიას აპირებთ, ფიზიკა უნდა გესმოდეთ კარგად, სასურველია – ქიმია და ბიოლოგია.
სულ უფრო მეტად ინტერდისციპლინარულია ტექნოლოგიები და ქართულად რეკლამირებული “კოდირება” არ არის მხოლოდ მაღალანაზღაურებადი, ძალიან დიდი შესაძლებლობებია ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ანალიზის, კიბერუსაფრთხოების, კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის, ბიოინფორმატიკის, სამოქალაქო ინჟინერიის, ბიო და სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებებში. ფიზიკის და მათემატიკის ცოდნის გარეშე არ იქმნება უკეთესი ინტერნეტი, უკეთესი მოწყობილობები, ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნის გარეშე ვერ გვექნება უკეთესი ჯანდაცვა და უკეთესი ეკონომიკაც ვერ გვექნება დიდ მონაცემთა ანალიზისა და მათემატიკური მოდელირების განვითარების გარეშე. ამიტომ ისწავლეთ ყველგან, სადაც შეძლებთ.
ვიცი, რომ ეს სახელმწიფო ფაქტობრივად არ ქმნის სწავლის ხელშეწყობის პირობებს, მაგრამ სამწუხაროდ მსოფლიოს 90% ასე ცხოვრობს, ხშირად უარეს პირობებშიც. ისიც ვიცი, რომ პირადი მაგალითების განზოგადება უხერხულია და ყველას თავისი გზა აქვს, მაგრამ მე და ჩემი ქმარი ვართ იმის მაგალითი, როგორ შეიძლება ყველაზე ცუდ პირობებში გადარჩე, თუკი განათლების შესაძლებლობა მოგეცა.
ვინც უნივერსიტეტებში მოხვდით – დასვით ძალიან ბევრი კითხვა, ჩაუღრმავდით ყველა ცნებას და მოითხოვეთ უფრო იოლი კი არა, უფრო ხარისხიანი განათლება. თქვენს ნიშნებზე გაცილებით მნიშვნელოვანია, თუ რა ცოდნას წაიღებთ და არ არსებობს ცოდნა, რომელიც რაიმეში არ გამოგადგებათ დღეს. არ არსებობს საგანი, რომლის შესწავლა ოდნავ მაინც არ გაგიფართოებთ თვალსაწიერს და გაგიუმჯობესებთ აზროვნებას. ამიტომ – ისწავლეთ და მოითხოვეთ, რომ უკეთესად გასწავლონ”, – წერს ნანა დიხამინჯია ფეისბუქში.
