დიდი დიღომში, ბენდუქიძის დასახლებაში დილით, დაახლოებით 7 საათზე აფეთქება მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. დაშვებულია ოჯახის სამი წევრი. ბავშვის და დედის მდგომარეობა მძიმეა.
დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული 1 წლამდე ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
მომხდარის დეტალებზე ადგილობრივები საუბრობენ. როგორც ერთ-ერთმა მცხოვრებმა “ფორტუნას” განუცხადა, ოჯახი ბინაში გუშინ გადავიდა საცხოვრებლად.
“ძალიან დიდი ხმა იყო აფეთქების, იმდენად მძლავრი, რომ მთელი სახლი ზანზარებდა, ყველა გარეთ გამოვედით. შემდეგ მოვიდა, საპატრულო, სახანძრო და სამაშველო. მე უშუალოდ იქ არ მივსულვარ. მეზობლებმა გათიშეს დენი და გაზი, სანამ სამაშველო მივიდოდა, მათვე გამოიყვანეს ეს ხალხი – ცოლი, ქმარი და ბავშვი. ნიგერიელები არიან, გუშინ იქირავეს და პირველად შევიდნენ ბინაში. ბავშვია ძალიან ცუდად”- ამბობს ადგილობრივი ნატალი ხარაიშვილი “ფორტუნასთან” საუბარში.
სოციალურ ქსელში დიდი დიღმის მცხოვრებლები მომხდარის დეტალებთან ერთად, სასწრაფოს დაგვიანებაზეც საუბრობენ.
“დააგვიანეს ნამდვილად, ისევ ჩვენმა სამეზობლომ იყოჩაღა, სამაშველო რომ მოვიდა ბიჭებს უკვე გამოყვანილი ჰყავდათ სახლიდან დაშავებულები, გაზიც და შუქიც მათ გათიშეს მალევე კორპუსში”- წერენ ადგილობრივები.
დაგვიანების შესახებ ინფორმაციას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში უარყოფენ. როგორც უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ფოტუნას” განუცხადეს, ჯგუფი გამოძახების ადგილზე 9 წუთში მივიდა, 112-ში ზარი 07:27 წუთზე დაფიქსირდა, ბრიგადა ადგილზე კი 07:36-ზე გამოცხადდა.
