„სტრატეგიაში გაიწერა პრაქტიკულად ყველა მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა“,– ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილის განაცხადა და თქვა, რომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, ქვეყნის განვითარების სტრატეგია სახელწოდებით – „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია“ დამტკიცდება.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს დოკუმენტი ხელმისაწვდომი რამდენიმე დღეში გახდება. პრემიერის თქმით, თითოეულმა უწყებამ საკუთარი განვითარების სტრატეგია, ხედვა, გეგმები მოამზადა და მთავრობას აღნიშნული სტრატეგია სახელწოდებით „ხედვა 2030 – საქართველოს განვითარების სტრატეგია ოფიციალურად გამოაქვს.
„მინდა, ჩვენს მოქალაქეებს შევახსენო, რომ ეს დოკუმენტი ეფუძნება, რა თქმა უნდა, ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ ჩვენი ხალხის საერთო მისწრაფებას. ეს არის ქვეყანა, რომელიც გულისხმობს მდგრად და ინკლუზიურ ეკონომიკურ განვითარებას. ეს ჩვენი საერთო ამოცანაა.
სოციალური თანასწორობა, რეგიონული უთანასწორობის შემცირება, ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო, დემოკრატიის გაძლიერება, უსაფრთხოება და სტაბილურობა – ეს ყველაფერი არის ჩამოყალიბებული ამ დოკუმენტში.
მინდა ყველა უწყებას აქტიური მუშაობისთვის მადლობა გადავუხადო. ჩვენ ეს დოკუმენტი შარშანვე მზად გვქონდა, მაგრამ ამის შემდეგ თვითონ დოკუმენტი დაიხვეწა, მონაცემები განახლდა და დღეს უკვე დასრულებული სახით წარმოვადგენთ და მთავრობა დაამტკიცებს.“– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
