LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მელია: მე და მიხეილ სააკაშვილი ძმაკაცები არ ვართ, მაგრამ საუბარი, რომ ვერ ვიტან, შეურაცხმყოფელია

„მე და მიხეილ სააკაშვილი ვართ თანამებრძოლები”, – ასე გამოეხმაურა ნიკა მელია მასა და მიხეილ სააკაშვილს შორის ურთიერთობის შესახებ „ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას „TV პირველის” ეთერში.

როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან აქვს სხვადასხვა ადამიანის მეშვეობით კომუნიკაცია, მაგრამ არცთუ ისე ხშირი.

„მე ვარ იმ პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა დააფუძნა. მიხეილ სააკაშვილია არის ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ძალიან დიდი დამსახურება ამ ქვეყნის წინაშე. ამას ისტორია შეაფასებს, მაგრამ მე და მიხეილ სააკაშვილი მეგობრები არ ვართ, ძმაკაცები არ ვართ და ალბათ ვერც ვერასდროს ვიქნებით, ბევრი მიზეზის გამო. ამას დრო სჭირდება, ცხოვრების სხვადასხვა ეტაპი უნდა გაიარო. რასაც მეგობარი ჰქვია… ბევრი ძალიან კარგი ადამიანი, ახლობელი ადამიანი, თანამებრძოლი… მაგრამ მეგობარი არ შეიძლება ბევრი გყავდეს. არც მას ჰყავს, დარწმუნებული ვარ, ბევრი მეგობარი და არც მე შეიძლება მყავდეს, მაგრამ საუბარი იმაზე, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერ ვიტანთ…

კი, ძალიან ბევრი გვიკამათია, ბევრს ვიკამათებთ იმაზე ცხარედ, ვიდრე ბევრს ჰგონია, მაგრამ იმაზე დიდი შეურაცხყოფა არ შეიძლება იყოს, ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეურაცხყოფა, როდესაც ასეთი კითხვა ტივტივდება ხელოვნურად ადამიანზე, რომელიც დღეს არის ტყვეობაში. ბევრად ახლოს ვარ ნიკა გვარამიასთან, მიმაჩნია, რომ ის არის ჩემი მეგობარი, მე ვარ მისი მეგობარი. მიხეილ სააკაშვილი სხვა მასშტაბია, ეს ერთი, მაგრამ „ვერ ვიტანთ ერთმანეთს“, – ეს არის სურვილი ბიძინა ივანიშვილის და ირაკლი კობახიძის”, – თქვა ნიკა მელიამ.

ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ ნიკა მელიას მიერ დაყენებულ მოთხოვნაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა: “შიგნით აქვთ მათ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რომელიც, როგორც ჩანს, დაძლევადი არ არის. ამას საზოგადოება ხედავს (ერთმანეთთან დაპირისპირებას), ყველამ იცის, რომ შიგნით არის ფლანგები – სააკაშვილი და მელია ერთმანეთს ვერ იტანენ”.

კობახიძე მელიას განცხადებაზე: მუდმივად საუბრობენ აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე, თუმცა ტონზე ეტყობათ, რომ თვითონაც არ სჯერათ იმ მოთხოვნების, რომელსაც აყენებენ