LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ახალ ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა.

მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ევროკავშირისა და საქართველოს ასოცირების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია და ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებამ საფუძველი დაუდო ახალ ეტაპს, რომელმაც საქართველო ევროკავშირის წევრობამდე უნდა მიიყვანოს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინა ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებაზე და ევროკავშირის 12 პრიორიტეტის შესრულების სამოქმედო გეგმა წარმოადგინა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფები შეიქმნა პრიორიტეტების მიხედვით, რომლებშიც ჩართულია ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა უმაღლეს ნიშნულზეა და საქართველო მტკიცედ ადგას ევროპულ გზას.

პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის ახალ ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პაველ ჰერჩინსკის მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.