ნინო ბახტაძე გარდაცვლილი მეგობრის, ქეთევან გიორგიშვილის შესახებ წერს, რომელიც გუშინ 35 წლის გახდებოდა და თავისი უეცარი გარდაცვალებით ყველას გული დასწყვიტა. მისი სადოქტორო ნაშრომი კი გერმანიაში ახლა გამოქვეყნდება:
„დღეს ჩემი მეგობრის – ქეთევან გიორგიშვილის დაბადების დღეა. დღეს ქეთი 35 წლის გახდებოდა, მაგრამ ბედისწერის, არასაკმარისი მხარდაჭერის, პანდემიისა თუ ბევრი სხვა მიზეზის გამო, ქეთევანი დღეს ჩვენს გვერდით აღარაა და ვერც მის დაბადების დღეს ვიზეიმებთ, როგორც ადრე… სამწუხაროდ, ქეთევანის სადოქტორო ნაშრომიც მის გარეშე გამოქვეყნდება წელს გერმანიის ერთ-ერთ ცნობილ გამომცემლობაში გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) დაფინანსებითა და მისი მეგობრების მხარდაჭერით.
ჩვენი ქეთევანი, გარდა იმისა, რომ უმშვენიერესი გარეგნობისა და სულის ადამიანი იყო, ის იყო ასევე ძალიან კარგი მეგობარი, ძალიან ნიჭიერი, განათლებული და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. მისმა უეცარმა და ტრაგიკულმა გარდაცვალებამ ბევრი ადამიანი შოკში ჩააგდო და დღემდე გვიჭირს მომხდარის გაცნობიერება. გერმანიაში მისი გარდაცვალების გამო წუხილი საჯაროდ გამოხატეს.
ქეთევან გიორგიშვილი ბოლოს საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის მთავარი მკვლევრის პოზიციას იკავებდა იურიდიული მიმართულებით და გახლდათ ასოცირებული პროფესორი საჯარო სამართლის მიმართულებით საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში (სეუ). ქეთევანი ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის. მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები გახლდათ: სამართლის თეორია, კონსტიტუციური სამართალი და საპოლიციო სამართალი. ქეთევან გიორგიშვილმა განათლება საქართველოსა და გერმანიაში მიიღო. 2020 წელს მან სამართლის დოქტორის ხარისხი მოიპოვა გერმანიაში, კიოლნის უნივერსიტეტში. ქეთევანი გახლდათ საქართველოს პრეზიდენტის სტიპენდიის, ასევე COPERNICUS-ის სასწავლო სტიპენდიის, გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის (DAAD) სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიების, გერმანიის პარლამენტისა (Deutscher Bundestag) და მაქს პლანკის ინსტიტუტის ( Max Planck Institute) კვლევითი სტიპენდიების მფლობელი. დარწმუნებული ვარ, ქეთევანი კიდევ ბევრ ღირებულ საქმეს გააკეთებდა საქართველოში თუ საზღვარგარეთ და კიდევ ბევრჯერ ასახელებდა ჩვენს ქვეყანას“.
