Reuters-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო საუბარი გამართეს.
ოლაფ შოლცმა ხაზი გაუსვა უკრაინაში ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას და რუსეთის პრეზიდენტს მოუწოდა, გააგრძელოს გაეროს მიერ მხარდაჭერილი მარცვლეულის შეთანხმების სრულად განხორციელება.
„ფედერალურმა კანცლერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმული შემდგომი ნაბიჯები უპასუხოდ არ დარჩება და არავითარ შემთხვევაში არ იქნება აღიარებული“, – განაცხადეს ფედერალური კანცლერის პრესსამსახურში.
სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს კრემლიც. მათი ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერის ყურადღება მიაპყრო „კიევის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე“.
„კერძოდ, ვლადიმერ პუტინმა ფედერალური კანცლერის ყურადღება მიაპყრო უკრაინული მხარის მიერ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის უხეშ დარღვევაზე, დონბასის ქალაქების განუწყვეტელ დაბომბვაზე, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა განზრახ ზიანდება“, – ნათქვამია მოხსენებაში.
