LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

52 წლის ნონა მარტიაშვილი სტუდენტი გახდა: „ვინ დაადგინა, რომ 52 თუ 60 წლის ასაკში არ შეიძლება ვისწავლო? მე ამ მითს დავანგრევ“

გარდაბნელი 52 წლის  ნონა მარტიაშვილმა 2022 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას EDU.ARIS.GE ავრცელებს. 

ნონა მარტიაშვილი ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.

მანამდე ის ვაზიანში, პლასტმასის გადამამუშავებელ ფაბრიკაში მენეჯერად მუშაობდა.

უნივერსიტეტში ჩარიცხვის შემდეგ კი ყველა საქმე მიატოვა და უნდა, აქტიური სტუდენტი იყოს. სანამ აქამდე მოვიდოდა, ორჯერ გახდა სტუდენტი, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო, სასწავლებელი ვერ დაამთავრა.

„1969 წლის 7 ნოემბერს ვარ დაბადებული. 1986 წელს დავამთავრე სკოლა. მაშინ მოდაში იყო, რომ მშობლებს რუსეთში მიჰყავდათ შვილები სასწავლებლად. 1987 წელს მეც, ოჯახთან ერთად ქალაქ ტიუმენში წავედი სასწავლებლად. სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ჩავირიცხე, ერთი კურსი დავხურე ფარმაციის ფაკულტეტის. მერე მამა დამეღუპა. მაშინ საქართველოში, სამედიცინოზე გადმოსვლა ძნელი იყო და თან, მალევე მიხვდი, რომ მედიცინა ჩემი საქმე არ იყო.

გადმოვედი ზოოვეტერინალურ ინსტიტუტში. კვლავ ერთი კურსი დავხურე და ვერც იქ ვიპოვე ჩემი ადგილი და სულ დავანებე სწავლას თავი. მერე დაოჯახება, ბავშვები… ისე მინდოდა, უმაღლესი მქონოდა დამთავრებული, 2003 წელს კვლავ ჩავაბარე მისაღები გამოცდები და ახალციხეში, ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩავირიცხე. იქაც ორი წელი ვისწავლე და ოჯახური პირობების გამო მომიწია მიტოვება – ბავშვები პატარები მყავდა და მათ გამო ვერ მოვახერხე სწავლა“, –  ამბობს ნონა მარტიაშვილი.

საჯარო მმართველობის ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ამბობს, რომ ახლა უკვე არც იმ ასაკშია და არც იმ მდგომარეობაში, რომ რაღაცის გამო კვლავ მოუწიოს სასწავლებლის მიტოვება და მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო – უმაღლესი სასწავლებელი აუცილებლად უნდა დაამთავროს.

„გადაწყვეტილი მაქვს, აუცილებლად დავამთავრო უნივერსიტეტის ბაკალავრის საფეხური და მერე – მაგისტრატურა. 60 წელს შევხვდები მაგისტრანტის დიპლომით ხელში. ვინ დაადგინა, რომ 52 თუ 60 წლის ასაკში არ შეიძლება ვისწავლო? მე ამ მითს დავანგრევ!“ “. – ამბობს 52 წლის სტუდენტი.

52 წლის ასაკში შემდგარ სტუდენტს ორი შვილი ჰყავს. მისმა ვაჟმა ახალციხის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი წელს დაამთავრა. გოგონა კი ასევე ახალციხის უნივერსიტეტში მეორე კურსზე, იმავე ფაკულტეტზე სწავლობს, რაზედაც თავად ჩაირიცხა.

კითხვაზე, საჯარო მმართველობის ფაკულტეტზე სწავლა მხოლოდ შვილის ფაქტორმა გადააწყვეტინა თუ რეალურად უნდა, ამ სპეციალობით მუშაობა და სახელმწიფო სამსახურში ჩართვა, ნონა მარტიაშვილი პასუხობს:

„რამდენად აქტუალურია დღევანდელ დღეს სამართლიანობა? სამართლიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა ამქვეყნად და ეს  აუცილებლად სჭირდებათ საჯარო მოხელეებს“. – ამბობს ნონა მარტიაშვილი.