LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,საინტერესო ფესტივალი იმართება წინანდალში და ძალიან მიხარია, რომ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვართ მიწვეული” – კრისტოფერ ანდერსონი

4 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა,  საქართველოში ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა წინანდალში დაგეგმილ ფესტივალზე JAZZ & WINE Kakheti (15-16 ოქტომბერი) ისაუბრა, რომელზეც ამერიკის საელჩო სპეციალური სტუმრის სტატუსით წარდგება.

– ბატონო კრისტოფერ, რას შესთავაზებთ ფესტივალის სტუმრებს?

– საინტერესო ფესტივალი იმართება წინანდალში და ძალიან მიხარია, რომ სპეციალური სტუმრის სტატუსით ვართ მიწვეული. საოცარი კოლაბორაცია შედგა, რადგან ღვინის სამშობლო საქართველოა, ჯაზი კი, ამერიკაში დაიბადა. ვფიქრობ, სწორედ ესაა საიმედო თანამშრომლობის და გულწრფელი მეგობრობის საუკეთესო მაგალითი. ფესტივალს არა მხოლოდ ნიჭიერი მუსიკოსების კვინტეტი, არამედ გასტრონომიული ელჩებიც ეწვევიან, შეფ-მზარეულის, ხაბაზის და მეღვინეს შემადგენლობით. ამასთანავე, ჩვენი მუსიკალურ-კულინარული დელეგაცია წინანდლის შემდეგ ბორჯომში, ხაშურსა და საქართველოს სხვა ქალაქებში წარდგება პუბლიკის წინაშე. სპეციალურ პროგრამას ვამზადებთ ბავშვებისთვის, რომელთაც ამერიკული მუსიკის ისტორიას მოვუთხრობთ – ჯაზით დაწყებული, პოპ-მუსიკით დასრულებული.

– როგორც ვიცი, ამერიკის საელჩოს ძალიან საინტერესო გაცვლითი პროგრამები აქვს,

– ყველამ კარგად იცის, რომ საქართველო და ამერიკა სტრატეგიული პარტნიორები არიან,  ამიტომ უამრავი გაცვლითი პროგრამა გვაქვს ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. დღეს პროექტი 200-მდე მსურველს აერთიანებს, რაც ვფიქრობ მეტად მნიშვნელოვანი სამომავლო ინვესტიციაა საქართველოსთვის.

– რას გვეტყვით მემკვიდრეობის დაცვის პროგრამაზე?

– პროგრამა 20-მდე პროექტს აერთიანებს, რომელთა შორის ჯვრის მონასტრის პროექტს გამოვყოფდი მეტად სოლიდური – 500 ათასი დოლარის ბიუჯეტით. ახლო მომავალში ახალ კონკურსს გამოვაცხადებთ, რომელში მონაწილეობას საქართველოს ყველა რეგიონი და ნებისმიერი მსურველი შეძლებს. კონკურსის დეტალებს მოგვიანებით გამოვაქვეყნებთ ჩვენს ფეისბუქ-გვერდზე.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ახალ მუსიკალურ პროექტზე ვმუშაობთ, თუმცა დაკონკრეტებისგან ჯერ თავს შევიკავებ.