თუ რეზოლუციას მხარს დავუჭერდით იტყოდნენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპელმა პარტნიორებმა აიძულეს სააკაშვილი ეღიარებინათ პოლიტპატიმრად. თუ არ დავუჭერდით და იცოდნენ რომ ასეც მოვიქცეოდით, იტყოდნენ იმას, რასაც ამბობენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.
„იმ ნარატივს აჰყვნენ შემდეგ „ნაცები“ და იმისათვის, რომ ბოლომდე გაეშავებინათ ქვეყანა და „ქართული ოცნება“ თქვეს, რომ შესაძლებელია დოკუმენტის ერთ ნაწილს დაუჭირო მხარი და მეორეს არა. უბრალოდ იმ მომენტში, როდესაც ეს თქვეს ჩვენი და ქვეყნის დასაზიანებლად, არ ახსოვდათ 2008 წლის რეზოლუცია. წლების განმავლობაში მათი ერთადერთი და თანაც უსუსური არგუმენტია ის, რომ 2008 წლის რეზოლუციაში ქართველის სამხედროების მიერ ომის დაწყების ჩანაწერს იმიტომ დაუჭირეს მხარი, რომ იქ ოკუპაცია ეწერა პირველად და ასეთი რაღაცები და სხვანაირად არ გამოდიოდა. მათი დღევანდელი არგუმენტი რომ ერთი წამით დავუშვათ თეორიულად, რომ რეზოლუციის ერთი ნაწილის მხარდაჭერა შეიძლება და მეორის არა, მაშინ რატომ არ დააფიქსირეს, რომ იმ ნაწილს მხარს არ უჭერდნენ. ანუ პირდაპირი და განზრახული ღალატი ჩაიდინეს? ისედაც ასე გააკეთეს, როდესაც მხარი დაუჭირეს რეზოლუციას, სადაც ქართველ სამხედროებს ჰბრალდებოდათ ომის დაწყება. თუ ეს შესაძლებელი იყო, მაშინ მათ თავადვე აღიარეს ღალატი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
