14 დეკემბერს, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის დაფუძნების ღონისძიება გაიმართა.
CSR ფორუმი, რომელიც სხვადასხვა სექტორთა წარმომადგენლების მიერ დაფუძნდა, CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის საკითხებზე დიალოგისა და თანამშრომლობის უნიკალურ პლატფორმას ქმნის.
სასტუმრო „პულმან თბილისში“ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, ფორუმის დაარსებას ხელი მოაწერეს კერძო, სამოქალაქო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა, სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ბიზნეს ასოციაციებმა, საგანმანათლებლო/აკადემიური დაწესებულების და სახელმწიფო სეტორის წარმომადგენლებმა. აღინიშნა, რომ CSR ფორუმის დაფუძნება საქართველოში CSR-ის განვითარებისა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებისკენ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
ლელა ხოფერია, CSRDG-ის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის მენეჯერი CSR ფორუმის შესახებ:
„საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესის დაჩქარების კვალდაკვალ სულ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს კორპორაციული პასუხისმგებლობის/პასუხისმგებელი ბიზნესსაქმიანობის განვითარების ხელშეწყობა სახელმწიფო დონეზე. ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის მთავრობა ახორციელებს CSR-ის მხარდამჭერ აქტიურ პოლიტიკას. ასევე, გავრცელებული პრაქტიკაა სამივე სექტორის მონაწილეობით საკონსულტაციო ორგანოების – CSR-ის ფორუმების თუ პლატფორმების დაფუძნება, რომლებიც პოლიტიკის ფორმირებაში სხვადასხვა სექტორის ჩართულობას უწყობს ხელს. საქართველოში CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი სწორედ ევროპის ქვეყნების გამოცდილებაზე დაყრდნობით დაფუძნდა.“
ქეთრინ ჰენი, ირლანდიის CSR-ის დაინტერესებულ მხარეთა ფორუმის თავმჯდომარე:
“CSR მოგზაურობა მოიცავს ყველა დაინტერესებული მხარის – ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოების – ჩართულობას, რათა საჭირო ეკონომიკური, გარემოსდაცვითი თუ სოციალური ცვლილებები მიღწეულ იქნას. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ლიდერობასა და ანგარიშვალდებულებასაც მოითხოვს, როგორც სხვადასხვა ქვეყნების პარლამენტში, ასევე სხდომათა დარბაზში და სამთავრობო მაგიდებთან. სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა საქართველოსაც შეუწყობს ხელს CSR მოგზაურობაში და საჭირო ცვლილებების მიღწევაში,”
აუდრონე ალიოსიუტე-პაულაუსკიენე, ლიტვის პასუხისმგებელი ბიზნესის ასოციაციის (LAVA) დირექტორი:
„მდგრადი ბიზნესის შენება უამრავი წინააღმდეგობის გადალახვას მოითხოვს და საჭიროებს კოლაბორაციულ, ინოვაციურ მიდგომას. ლიტვის მთავრობამ 2007 წლიდან დაიწყო CSR-ის მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, რაც ისეთი სისტემის შემოღებას გულისხმობდა, რომელიც ეროვნულ დონეზე CSR-ის განვითარებასა და მონიტორინგს შეუწყობდა ხელს. ამ წლების განმავლობაში მთავრობის მიერ 3 სამოქმედო გეგმა დამტკიცდა, რომლითაც ხელს ვუწყობთ კომპანიებს გახდნენ უფრო მდგრადები და სოციალურად პასუხისმგებელნი.”
CSR-ის მხარდამჭერი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის შემუშავების ხელშეწყობა
ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, მიმდინარე პროექტის ‘სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივის’ ფარგლებში, CSRDG მიზნად ისახავს საქართველოში კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებასა და მისი ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბებას, კერძოდ კი CSR-ის მხარდამჭერი ჩარჩო-პოლიტიკის შემუშავებისა და განხორციელების ხელშეწყობას. CSRDG-იმ მოცემული მიზნის განსახორციელებლად, ქართველი და ევროპელი ექსპერტებისაგან დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომელმაც უკვე დაიწყო CSR-ის ხელშემწყობი სახელმწიფო ჩარჩო-პოლიტიკის დრაფტის/რეკომენდაციების შემუშავება და ადვოკატირება.
ინფორმაცია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ შესახებ:
CSR ფორუმი დაფუძნდა ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
ინფორმაცია განმახორციელებელი ორგანიზაციის შესახებ:
CSRDG დაარსების დღიდან ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას. CSRDG არის პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელმაც მოამზადა და გამოსცა: მდგრადი განვითარების ანგარიში „ანგარიშგების გლობალური ინიციატივის“ (GRI) საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით; პირველი ქართულენოვანი სახელმძღვანელო CSR-ზე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისთვის; ვრცელი ანალიტიკური კვლევა „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და საჯარო სექტორის როლი“ (ანალიტიკური მიმოხილვა და რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას); გამოსცა სახელმძღვანელო CSR-ის თემაზე მცირე და საშუალო კომპანიებისათვის; ასევე დააფუძნა „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora”.
