LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრემიერი: ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს

“საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს” , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რუმინეთში განაცხადა, სადაც პლენარულ სესიაში – „სტრატეგიული პარტნიორობა მწვანე ენერგეტიკის განვითარებისა და გაზიარების საკითხებში“ მონაწილეობს.

პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონულ მარშრუტში.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ პროექტის განხორციელებას სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ახალ განზომილებაში გადაჰყავს.

„ძვირფასო მეგობრებო, რამდენიმე წლის წინ, საქართველოს ინიციატივით მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც კავკასიის რეგიონისა და ევროპის ენერგეტიკულ დაკავშირებას გულისხმობს მაღალი ძაბვის წყალქვეშა გადამცემი ხაზის საშუალებით. დღეს, მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სფეროში აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით ვადასტურებთ მზაობას მწვანე ენერგიის მიწოდების კონტექსტში მჭიდრო თანამშრომლობაზე.

კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მნიშვნელოვანი პოტენციალი გააჩნია განახლებადი წყაროებიდან ჭარბი ენერგიის წარმოების მიმართულებით, რაც მეზობელ ქვეყნებს შეიძლება მიეწოდოს. ევროპის გარდა ყველა მეზობლისადმი გაგვაჩნია ენერგიის მისაწოდებლად საჭირო ინფრასტრუქტურა. შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო გადამცემი კაბელი ამ მხრივ მნიშვნელოვან პერსპექტივას გვანიჭებს. ხსენებული პროექტით მოხდება განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და გაიზრდება ტრანზიტის და ვაჭრობის შესაძლებლობები ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის. ამ პროექტის განხორციელების შედეგად – საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და უნგრეთის ელექტრო გადამცემი ხაზებისა და სისტემების დაკავშირებით, ევროპა შეძლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონს დაუკავშირდეს.

2020 წლის ივნისში, მსოფლიო ბანკმა ანგარიში გამოაქვეყნა შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის წინასწარი ეკონომიკური ანალიზის საფუძველზე, რითაც ხსენებული პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა დადასტურდა.

2021 წლის 26 აპრილს, საქართველოს მთავრობამ კონკურსი გამოაცხადა შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრო კაბელის და ციფრული კავშირის მშენებლობის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების ჩასატარებლად. შერჩევა მსოფლიო ბანკის შესყიდვების პროცედურებით განხორციელდა და გამარჯვებული გამოცხადდა. კვლევა 2022 წლის 11 მაისს დაიწყო და იქედან 18 თვეში დასრულდება.

ამ მიმართულებით, ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ რეგიონში ურთიერთჩართვისა და ენერგო ტრანზიტის შესაძლებლობათა განვითარება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია ჩემი მთავრობისთვის. სანდო სატრანზიტო პარტნიორის რანგში, საქართველო მნიშვნელოვანი მდგენელია ჰიდრო რესურსების მიწოდების ჯაჭვში კასპიის ზღვის აუზიდან დასავლეთისკენ ენერგო ტრანზიტის მთავარ რეგიონულ მარშრუტში.

ამ პროექტის განხორციელებას ახალ განზომილებაში გადაჰყავს სტრატეგიული პარტნიორობის განვითარება ჩვენს ქვეყნებს შორის. კვლავ მსურს დავადასტურო, რომ საქართველოს უდიდესი პოტენციალი გააჩნია განახლებადი ენერგიის წარმოებისა და ექსპორტის მიმართულებით, რაც ევროპის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებაში თავის წვლილს შეიტანს”,- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამავე თემაზე:

პრემიერმა საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერა ხელი

პრეზიდენტი: მივესალმები მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას, ეს ისტორიული ნაბიჯია, შავი ზღვა ევროპული ზღვა ხდება

ვიქტორ ორბანი: ხელი მოეწერა დიდ შეთანხმებას მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ, რითაც ხდება უნგრეთის, რუმინეთის, საქართველოსა და აზერბაიჯანის დაკავშირება

შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელი იქნება ახალი შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც საქართველოს ელექტროენერგიის ჰაბად აქცევს: ურსულა ფონ დერ ლაიენი

თალაკვაძე აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის შეთანხმებაზე: „საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!“