LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა” – კობახიძის პასუხი ზურაბიშვილს

კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას იმის შესახებ, რომ “საქართველოს პრეზიდენტს, ქვეყანა არათუ არასოდეს დაუდანაშაულებია საქართველოს სანქციების გვერდის ავლაში, არამედ პირველია, ვინც საერთაშორისო მასშტაბით, როგორც უმაღლეს თანამდებობის პირებთან, ასევე, უცხოურ და ადგილობრივ მედიასთან იცავდა და იცავს ქვეყნის იმიჯს”.

„როდესაც დღის წესრიგში დგება მოთხოვნა, რომ ხელისუფლებამ სათანადოდ უპასუხოს ბრალდებებს სანქციების გვერდის ავლასთან დაკავშირებით, ამით ხაზი ესმევა თითქოს ამ ბრალდებების რელევანტურობას, რაც არასწორია. ჩვენ დაგვჭირდა კიდევ ერთხელ შესაბამისი ფაქტების გასაჯაროება და კარგია, რომ პრეზიდენტმა სათანადო განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით და აღიარა, რომ საქართველოს მეშვეობით არ ხდება სანქციებისთვის გვერდის ავლა. ეს განცხადება შესაბამისად ჩვენთვის არის მისასალმებელი“, – განაცხადა კობახიძემ “იმედის” ეთერში.

ცნობისთვის, დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ CNN-ის სიუჟეტზე ისაუბრა და განაცხადა:

“როცა გავლენიანი უცხოური მედიასაშუალებები ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ამ მასშტაბის სიცრუეს ავრცელებენ, ეს ცალკე პრობლემაა. თუმცა, ამაზე დიდი პრობლემაა, როდესაც იგივე სიცრუეს ქართული რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედიასაშუალებებიც ტირაჟირებენ.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ამ ადამიანებისთვის საქართველოს ეროვნული ინტერესები არაფერს ნიშნავს და სინამდვილეში, ისინი არა საქართველოს, არამედ მის მიმართ მტრულად განწყობილი ძალის სამსახურში დგანან. ასევე, სამწუხაროა, როდესაც ამ სიცრუის ტირაჟირებაში პრეზიდენტიც აიყოლიეს, რომელმაც ბრალდებებზე „კატეგორიული და ფაქტებით გამყარებული პასუხის“ გაცემა მოითხოვა”.

“CNN-ზე ითქვა ტყუილი, სერიოზული ძალის ინტერესია, შეგვიქმნას ხელოვნური პრობლემები” – ირაკლი კობახიძე