ცენტრ ემპათიის ექსპერტმა, გასტროენტეროლოგმა მანანა კვარცხავამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე პროფესიონალური ჯგუფის არსებობის საჭიროებაზე ისაუბრა, რომლის შემადგენლობაში იქნება ნუტრიციოლოგი, ფსიქოლოგი, ენდოკრინოლოგი და გასტროენტეროლოგი.
თუმცა მისი თქმით, მხოლოდ გუნდი ვერ უშველის და საჭიროა ასევე სპეციალიზებული კლინიკა, სადაც ჩატარდება შესაბამისი გამოკვლევები და დაისახება გეგმა.
მოსამართლის, გიორგი არევაძის კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა საქართველოს პირობებში ასეთი მკურნალობის ჩატარება, მანანა კვარცხავა ამბობს, რომ „საქართველოს პირობებში მკურნალობის გაიდლაინი არსებობს, მაგრამ დატრენინგებული გუნდი არ არის“.
„გასტროენტეროლოგიის მიმართულებით ცოდნა და გამოცდილება მაქვს, მაგრამ, საქართველოში არ არსებობს გუნდი. თუ შეიკვრება გუნდი, კი, ბატონო. მაგრამ მხოლოდ გუნდი ვერ უშველის, საჭიროა სპეციალიზებული კლინიკა, სადაც ჩატარდება კლინიკურ ინსტრუმენტული გამოკვლევები და დაისახება გეგმა“, – განაცხადა მანანა კვარცხავამ.
