თბილისის მერის განცხადებით, მიმდინარე წლის მარტიდან, „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამაში“ დამატებით 300 ბავშვი და და მოზარდი ჩაერთვება.
როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, საჭირო სეანსები, ჯამში, 1850 ბავშვს და მოზარდს დაუფინანსდება.
„პროგრამის მოსარგებლეთა ზრდის პარალელურად, სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების რიცხვიც გაიზარდა და დღეისათვის პროგრამას ცხრა დაწესებულება ემსახურება. მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს, რომ გვერდში დაუდგეს ამ ოჯახებს, ამ პატარებს, მოზარდებს და პროგრამა შეუფერხებლად განხორციელდეს. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ინდივიდუალური გეგმის მიხედვით განსაზღვრული, მინიმუმ, ერთსაათიანი თერაპიული სეანსები. ამ მიზნით ერთი ბენეფიციარისთვის წელიწადში 4 800 ლარია გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა ხაზის გაუსვა 2015 წელს დაწყებული პროგრამის ბიუჯეტის, სერვისის მიმწოდებელთა და ბენეფიციართა ზრდის დინამიკას და აღნიშნა, რომ პროგრამის შეუფერხებლად განსახორციელებლად თბილისის მერია ძალისხმევას არ დაიშურებს:
„აღსანიშნავია, რომ „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ დაწყებისას, 2015 წლის ივლისში, პროგრამაში სერვისის მიმწოდებელი ორი დაწესებულება და 325 ბავშვი იყო ჩართული, ხოლო ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იყო. დღეისათვის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის პროგრამის“ ბიუჯეტი 7 383 000 ლარს შეადგენს“, – თქვა კახა კალაძემ
