LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინციპული წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ვამბობთ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს – გურამ მაჭარაშვილი

„პრინციპული წინააღმდეგობა იმასთან დაკავშირებით, რასაც ჩვენ ვამბობთ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს“ – ასე უპასუხა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემა „დღის თემის“ წამყვანის კითხვას, იზიარებენ თუ არა „ხალხის ძალის“ მიერ გავრცელებული წერილის პათოსს მმართველი გუნდის ლიდერები.

„თუ EU-ში გაწევრიანება მედიის თავისუფლების, სამართლის უზენაესობის, ეკონომიკური სტაბილურობის, ტრადიციული ღირებულებების დათმობას და აგენტოკრატიის დამყარებას ნიშნავს, ასეთ წევრობას ფასი არა აქვს“ – „ხალხის ძალა“

უმრავლესობის დეპუტატი ქართველ ხალხს პრინციპული გადაწყვეტილების მიღებას ღრმა ანალიზის საფუძველზე ურჩევს და განმარტავს, თუ რატომ უნდა დაიწყოს ქვეყანაში დისკუსია ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით.

„ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ მივიღეთ გადაწყვეტილება რომ გვინდა ევროინტეგრაცია, ეს მივიღეთ სწორედ იმ ფასეულობებზე დაყრდნობით, რასაც ჰქვია სუვერენიტეტის პრინციპი, კანონის უზენაესობის და სამართლიანობის პრინციპი, სიტყვის თავისუფლების პრინციპი, რაზეც შეიქმნა ევროკავშირი, მაგრამ ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო თვეებში ვხედავთ, რომ ოთხივე მათგანი დარღვეულია“ – განაცხადა უმრავლესობის წევრმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში.

გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა იციან „ხალხის ძალის“ პრინციპული დამოკიდებულება ეროვნული ინტერესების მიმართ, თუმცა მათ ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდების სხვა და სხვა პოლიტიკა აქვთ.