დიალოგის დრო ჯერ არ დამდგარა, ვინაიდან რუსეთმა ომის ესკალაცია აირჩია, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა.
„როდესაც ეს კონფლიქტი დაიწყო, ჩვენ ერთიანობა და სოლიდარობა გამოვავლინეთ, აქტიურად ვმოქმედებდით და ვცდილობდით დიალოგისთვის ხელი შეგვეწყო იქ, სადაც შესაძლებელი იყო. მაგრამ ამ მომენტისთვის დიალოგის დრო ჯერ არ დადგა, ვინაიდან რუსეთი ომს ირჩევს, ომის ესკალაციას ირჩევს. რუსეთმა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები და სამხედრო დანაშაულების ჩადენა არჩია”, – განაცხადა მაკრონმა.
როგორც მაკრონმა აღნიშნა, ეს რუსეთ-უკრაინის ომი მთელ მსოფლიოს ეხება.
„ეს არა მხოლოდ ევროპელების ომია, ეს ომი მთელ მსოფლიოს ეხება, რადგანაც აგრესიას არანაირი გამართლება არ აქვს. ეს არის ახალი იმპერიალისტური მიდგომა, რასაც რუსეთის მხრიდან ვხედავთ, რაც გამოიხატება მეზობლის წინააღმდეგ აგრესიაში და მისი ტერიტორიული მთლიანობისადმი უპატივცემულობაში. ამასთან, ამ ომის აგრესიის დროს ყველა ტაბუ დაირღვა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრმა დაარღვია გაერო-ს ქარტია. ვიხილეთ კრიტიკული მნიშვნელობის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება, დანაშაულებები, რომლებიც უკრაინის მოსახლეობის წინააღმდეგ ჩაიდინეს და ასევე არსებობს ბირთვული საფრთხეც“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
