“ლევიოსა” – ეს არის ცეკვის, ვარჯიშისა და მოძრაობის სტუდია, რომელიც სტუმრებს ჯგუფური აქტივობების მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს. რამდენ ადამიანს ასაქმებს პანდემიის დროს შექმნილი სტარტაპი და რას აკეთებს სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით, „ლევიოსას“ დამფუძნებელმა, კომუნიკაციის სპეციალისტმა თამთა ჯაფარიძემ “ბიზნესნიუსის” პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
მოგვიყევით, როგორ გაჩნდა იდეა და რა კონცეფცია აქვს “ლევიოსას”?
ძალიან მიყვარს ისტორია, საიდანაც დაიწყო “ლევიოსა”. ეს დაემთხვა პანდემიის დასაწყისს, როდესაც ყველა სახლში ჩავიკეტეთ. თან ამას დაემთხვა ის, რომ ორსულად ვიყავი და ძალიან უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდი. ჩემს საყვარელ ადამიანებთან ვერ ვახერხებდი ხშირად კონტაქტს და იმ პერიოდში აღმოვაჩინე, რომ ცეკვა ძალიან მეხმარებოდა როგორც ფიზიკურ აქტივობაში, ისე მენტალურ სირთულეებთან ბრძოლაში. ვიფიქრე, კარგი იქნებოდა, ყოფილიყო სივრცე, სადაც შევძლებდი ცეკვის და მოძრაობის ძალის სხვებისთვის გაზიარებასაც. რა თქმა უნდა, არის ასეთი სივრცეები, მაგრამ სადაც მე ვცხოვრობდი, იმ მომენტში არ იყო ასეთი სივრცე, იქვე ახლოს მოვიძიე შესაფერისი ადგილი, თუმცა თავიდან, პანდემიის დასაწყისში შეუძლებელი იყო მსგავს ბიზნესზე ფიქრი. ეს იდეა ერთი წლის განმავლობაში იხვეწებოდა და 2021 წელს, როგორც კი რეგულაციები მოიხსნა, უკვე მოვახერხეთ, რომ გაგვეხსნა “ლევიოსა” და უკვე 2 წელი ხდება მარტში, რაც ვმუშაობთ აქტიურად.

რა მიმართულებები გაქვთ “ლევიოსაში”? რომელია უფრო მეტად მოთხოვნადი და რა ასაკის სეგმენტი გყავთ, ძირითადად?
ამ ეტაპზე გვაქვს პილატესი, მხატვრული ტანვარჯიში, ჰიპ-ჰოპი როგორც პატარებისთვის, ისე დიდებისთვის, გვაქვს კარატე, არგენტინული ტანგო. ეს არის ის მუდმივი პრაქტიკები, რაც არის “ლევიოსაში”, თუმცა ამის გარდა, თითქმის ყოველთვიურად გვაქვს ხოლმე მოწვეული პრაქტიკები, რასაც ვთავაზობთ ჩვენს სტუმრებს, ვცდით ხოლმე სხვადასხვა აქტივობას, რომელიც უფრო გაამართლებს, შეიძლება მუდმივ პრაქტიკადაც იქცეს, თუმცა ამ ეტაპზე ეს ხუთი პრაქტიკა არის აქტიური.
მაქსიმალურად ვეცადეთ, ისეთი მრავალფეროვანი, ასე ვთქვათ, “მენიუ” შეგვეთავაზებინა, სადაც ბავშვებიც და დიდებიც იპოვიდნენ შესაფერის მოძრაობას. გვყავს ყველაზე პატარები 4 წლიდან, ასაკის ზედა ზღვარი შეუზღუდავია. უნდა აღვნიშნო, რომ უფროსებში უფრო მეტად ქალბატონები არიან ჩვენი სტუმრები, ვიდრე მამაკაცები, თუმცა პილატესი მაგალითად, რომელიც ძალიან პოპულარულია, ვფიქრობ მამაკაცებისთვისაც ძალიან სასიამოვნო და სასარგებლო აქტივობაა, მაგრამ მაინც უფრო ქალბატონები კავდებიან.

რატომ “ლევიოსა”? რას ნიშნავს ეს სახელი?
“ლევიოსა” არის ჩემი საყვარელი წიგნის და ნაწარმოების “ჰარი პოტერის” ერთ-ერთი ძალიან დასამახსოვრებელი შელოცვა, რომელიც ნივთებს ანიჭებს ლევიტაციის ძალას. როდესაც ვფიქრობდი ბრენდზე, მინდოდა, სიმსუბუქესთან, ფრენასთან ყოფილიყო ასოცირებული და აქედან გამომდინარე, სახელიც და ჩვენი ლოგოც, რომელიც არის ბუმბული, დავუკავშირე ამ კონკრეტულ მონაკვეთს. ბევრმა შეიძლება არ იცის ხოლმე რას ნიშნავს, მაგრამ ძალიან მოსწონთ ჩვენი ბრენდინგი როგორც ხმოვანებით, ასევე ვიზუალურად.
ვიცით, რომ ხშირად გაქვთ აქტივობები სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით. მოგვიყევით ამის შესახებ.
თავიდანვე, როდესაც “ლევიოსას” ვქმნიდით, ძალიან მინდოდა, რომ ეს არ ყოფილიყო უბრალოდ სტუდია, სადაც მოვიდოდა ადამიანი, მხოლოდ ივარჯიშებდა, იცეკვებდა და წავიდოდა. მინდოდა, რომ ჰქონოდა თავისი კონცეფცია, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ, არამედ მენტალურ ჯანმრთელობაზეც იზრუნებდა. როგორც აღვნიშნე, შექმნის ისტორიაც გარკვეულწილად მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესებას უკავშირდებოდა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობთ ხოლმე, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც დაეხმარება საზოგადოებას. პირველი, მახსენდება ფიზიკური თავდაცვის უფასო კურსი, რომელიც ჩავატარეთ და ძალიან დიდი და კარგი გამოხმაურება ჰქონდა. ჩვენმა კარატეს სენსეიმ ჩაატარა და ვფიქრობ, მომავალში ისევ გავამეორებთ და შეიძლება კიდევ დავხვეწოთ და გავამრავალფეროვნოთ. გვქონდა საინტერესო პროექტი – ტანგო, რომელიც ბებიების და ბაბუების აცეკვების მიზნით და მათ წასახალისებლად გავაკეთეთ. შვილებს და შვილიშვილებს მოვუწოდებდით, რომ მოეყვანათ თავიანთი მშობლები, ბებიები და ბაბუები. უკრაინასთან დაკავშირებითაც გვქონდა და დღემდე გვაქვს პროექტი – უკრაინელი ბავშვებისთვის ჩვენთან ჰიპ-ჰოპის გაკვეთილები უფასოა. ეს არა მარტო “ლევიოსას”, არამედ მასწავლებლის ინიციატივა იყო. ყოველთვის ვუსმენთ ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს და სიხარულით ვიღებთ ხოლმე მათ ინიციატივებს და მომავალშიც ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ ეს ხაზი და ვიყოთ სოციალურად აქტიურები.

როდესაც იწყებდით ლევიოსას, რა სირთულეებს წააწყდით? რა რჩევებს მისცემდით დამწყებ სტარტაპერებს თქვენი გამოცდილებიდან?
არ გაგიკვირდებათ თუ გეტყვით რომ პანდემია იყო ყველაზე დიდი გამოწვევა. სანამ გავიხსნებოდით და რომ გავიხსენით, შემდეგაც ყოველ თვე გვქონდა შიში, რომ ისევ არ შეზღუდულიყო და ისევ არ აფეთქებულიყო პანდემია. ყოველთვის ვიცავდით რეგულაციებს, შეზღუდული გვქონდა ადამიანების რაოდენობა და ა.შ. თუმცა, ეს გარკვეულ რისკებს ქმნიდა, ასევე, რაც “ლევიოსასთვის” გამოწვევა არის, ეს არის სეზონურობა, რომელიც ყველა ბიზნესს თავისებურად ახასიათებს, თუმცა “ლევიოსასთვის” განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რადგან ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოში ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ ხოლმე, თუმცა შემდეგ სექტემბრიდან ადამიანები ისევ აქტიურად გვიბრუნდებიან. ჩვენც ამ ორი წლის განმავლობაში ავუბით ფეხი ამ სეზონურობას და ვცდილობთ დავაბალანსოთ ხოლმე.
რაც შეეხება რჩევებს, რისკი შეიძლება ყოველთვის არ ამართლებდეს, მაგრამ ჩემს შემთხვევაში ნამდვილად აღმოჩნდა წარმატების საფუძველი. ბევრი ფიქრობდა, რომ სიგიჟე იყო პანდემიის შემდეგ გაგვეხსნა ფიზიკური სივრცე. უფრო მირჩევდნენ, რომ დამეწყო ციფრული ბიზნესი, მაგრამ მე რაც მინდოდა გულით და რისიც მჯეროდა, ის გავაკეთე, ამისკენ მოვუწოდებ სხვებსაც, რომ რაც ძალიან გიყვართ, მოგწონთ და გჯერათ იდეის, მიჰყევით და მგონია, რომ გაამართლებს.

რამდენი ადამიანია დღეს “ლევიოსაში” დასაქმებული და როგორ არჩევთ კადრებს?
ამ ეტაპზე ჩვენ დასაქმებული გვყავს 7 ადამიანი, მათ შორს 6 ინსტრუქტორი. თავიდანვე ვინც შევარჩიე, ის გუნდი მომყვება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასე გაამართლა ჩემმა არჩევანმა. შემოგვიერთდა ერთი მენეჯერი, რომელიც გვეხმარება სივრცის მართვაში. თავიდან ყველაფერში მე ვიყავი ჩართული, თუმცა “ლევიოსა” გაიზარდა. პირველ ეტაპზე, ნაცნობებთან მოვიკითხე ადამიანები. მე თვითონ ვიცოდი, რომელი მიმართულებები მინდოდა რომ ყოფილიყო, თუმცა შემდეგ გამოჩნდნენ სხვები, რომლებმაც თავად შემომთავაზეს თანამშრომლობა და მათ მიმართაც ღია ვიყავი და სიამოვნებით ვაღებდი “ლევიოისა” კარს.
როგორც დამსაქმებელი, თუ გაქვთ კადრების მოძიების პრობლემა, ანუ ფიქრობთ თუ არა, რომ ქვეყანაში არის კადრების დეფიციტი?
მე მქონდა იმის ფუფუნება, რომ ვისთან ერთადაც დავიწყე, მივყვები და ჯერჯერობით არ დამჭირვებია რომელიმეს ცვლილება, თუმცა ზოგადად ვფიქრობ, რომ არის კადრების მიმართულებით პრობლემა. რამდენჯერმე დროებითი შემცვლელი დაგვჭირდა და ამ დროს დროებით კადრის მოძიება რთული იყო. შესაძლოა, ამას სხვა მიზეზიც ჰქონდა ის, რომ უკვე დაკავებულები არიან ადამიანები. ვფიქრობ, რომ კადრების დეფიციტი ჩვენს ბაზარზე არის.

რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
გარდა იმისა, რომ საბურთალოს ტერიტორიაზე ვართ, ჩვენ ვართ დახურულ საცხოვრებელ კომპლექსში. თავიდან თითქმის მხოლოდ მეზობლები მოდიოდნენ, დღეს კი ისე გაგვივარდა სახელი, რომ მათ მეგობრებში, ნაცნობებში, პოპულარულები გავხდით და ისეთი კარგი ინსტრუქტორები გვყავს, რომ ბევრი მათ გამოც მოდის. დღეს, როდესაც ქალაქში გადაადგილება ძალიან გართულებულია, რა თქმა უნდა ცდილობენ, რომ საცხოვრებელთან ან სამსახურთან ახლოს იპოვონ ასეთი ადგილი, მაგრამ სხვა უბნებიდანაც დადიან ჩვენთან, რაც ძალიან მახარებს.
იქიდან გამომდინარე, რომ გვინდა, კიდევ მეტ ადამიანს დავუმეგობრდეთ, ვფიქრობთ, რომ გავხსნათ მეორე, მესამე ფილიალი. ჯერჯერობით, კონკრეტული გეგმა არ გვაქვს, მაგრამ ახლა, როდესაც 2 წლის გახდება “ლევიოსა” მარტში და შეჯამება გვექნება ჩვენი განვლილი პერიოდის, დავიწყებთ უკვე რეინვესტირებაზე ფიქრს და იმედი მაქვს, მალე მეორე ფილიალითაც წარვდგებით.

