LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყაველაშვილი: მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს – დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა

მე არ მინდა ისეთი ევროპა, რომელიც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა! – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა.

„27 ქვეყანა, კონგრესმენები, ელჩები მოგვიწოდებენ, რომ ბატონი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გავუშვათ სხვა ქვეყანაში. დავარღვიოთ კანონი, კონსტიტუცია, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა. თუ ეს ასე არ არის, შეგიძლიათ თქვენ მიკარნახოთ, როგორ არის შესაძლებელი, ამ დარღვევების გარეშე, მათი მოწოდებით, ჩვენ გავუშვათ მიხეილ სააკაშვილი. მე თავისუფალ ადამიანს, პარლამენტის წევრს, მაქვს თუ არა უფლება ამას შევეწინააღმდეგო და ვთქვა, რომ ეს არ არის ევროპა და ევროპული ღირებულებები, ეს პირიქით არის. მე, ვინც მომიწოდებს, რომ ადამიანის უფლებები დავარღვიო, კანონი დავარღვიო, კონსტიტუცია დავარღვიო, დიახაც, მე არ მინდა ასეთი ევროკავშირი! მე ვიცი, რა არის ევროპა. მე მინდა ევროკავშირი!“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

სხდომაზე მიხეილ ყაველაშვილს „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა რეპლიკით უპასუხა და უთხრა, რომ რეფერენდუმია ჩატარებული და მას არავინ ეკითხება, რაზედაც ყაველაშვილმა მიუგო:

„ქალბატონო, თაკო, თქვენ ან გაგება არ იცით, ან მოსმენა! მე არ ვლაპარაკობ, რომ ევროპა არ მინდა! უზრდელობაა, რასაც თქვენ აკეთებთ. მე არ მინდა ისეთი ევროპა, ვინც უკანონობას მაძალებს. დიახაც, არ მინდა ასეთი ევროპა! ნუ მასწავლით, არ არის ეგ ევროპა, მოსახლეობას ნუ ატყუებთ! მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლება ევროპაა? სირცხვილია ასეთი ევროპა“, – უპასუხა ყაველაშვილმა.