არ ვერიდები, არ მეშინია, პირდაპირ გეუბნებით თუ “ქართული ოცნების” დამსახურებით ჩვენ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, უნდა გამოვიდეთ ქუჩაში, უნდა დავდგეთ მანამდე, ვიდრე არ იქნება ვადამდელი არჩევნები, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
„ვადამდელი არჩევნები უნდა ყოფილიყო გუშინწინ, გუშინ, დღესაც უნდა იყოს, ხვალაც უნდა იყოს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ მხარს უჭერს, რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვაშოროთ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას და დიდი ხანი არ გაგრძელდეს მათ მიერ ქვეყნის ნგრევა“, – აღნიშნა მანჯგალაძემ.
როგორც მანჯგალაძემ აღნიშნა, კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი არ აქვს და მნიშვნელოვანია ევროკავშირში წევრობისთვის.
„ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში: როგორც რუსულ კანონთან დაკავშირებით, მარტივად ავუხსენით ადამიანებს თუ რა საფრთხეებს შეიცავდა საქართველოსთვის და ევროპული კურსისთვის რუსული კანონის მიღება, ასევე მარტივად უნდა ავუხსნათ, რომ კანდიდატის სტატუსს ჩალის ფასი კი არა აქვს, მნიშვნელოვანია ევროკავშირში წევრობისთვის, რადგან ევროკავშირის წევრობა არ არსებობს კანდიდატის სტატუსის გარეშე და კანდიდატის სტატუსი არ არსებობს 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გარეშე. ამიტომ უნდა ავუხსნათ ადამიანებს, თუ „ქართული ოცნება“ არ ასრულებს 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, ეს ნიშნავს, რომ უარს ვამბობთ და ვკარგავთ შანსს. ვფიქრობ, რომ ეს იმდენად დიდი შანსია, იმდენად დიდი შესაძლებლობა, იმდენად ისტორიული ამოცანაა საქართველოსთვის, ამის დაკარგვისთვის უნდა გადაიხადოს „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური ფასი“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
