„ქართული ოცნების“ დეპუტატი ვლადიმირ ჩაჩიბაია, რომელმაც ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ დეპუტატის მანდატის დატოვება უნდა.
„ფორმულას“ გადაცემა „დროებასთან“ ინტერვიუში ჩაჩიბაიამ თქვა, რომ ეს მისი „დაჟინებული თხოვნაა“.
„ვფიქრობ, რომ საპარლამენტო ცხოვრებისთვის არ აღმოვჩნდი მზად. იცით, რომ 30 წელი ვიყავი ჯარში. ჩემი პირადი სურვილია, გამოვიდე პარლამენტიდან და ვნახოთ, მაგრამ ამავდროულად მე ვრჩები ჩვენი პარტიის ერთგული წევრი.
ჩემი პირადი სურვილი არის, რომ დავტოვო მანდატი, იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, რომ ალბათ საჯარო სამსახურში ან ნებისმიერ სხვა სამსახურში უფრო მეტად მოვახდენ ჩემი თავის რეალიზებას, ვიდრე საპარლამენტო ცხოვრებაში.
ვფიქრობ, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება ჩემი მხრიდან მიღებული, ესეც არ მაძლევს იმის უფლებას და საშუალებას, დავრჩე პარლამენტში, ესეც არის ჩემი გარკვეული შინაგანი გამოძახილი, ხმის არ მიცემას ვგულისხმობ”, – ამბობს ჩაჩიბაია.
მისივე განცხადებით, კომუნიკაცია პარტიასთან ჰქონდა, თუმცა ეს საკითხი “დამატებით განხილვას საჭიროებს” და საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ მიიღება.
“მანდატს დავტოვებ და გამოვალ პარლამენტიდან, თუმცა საბოლოოდ მაინც პარტიის ხელმძღვანელობასთან გავისაუბრებ, მაგრამ ჩემი პირადი და დაჟინებული თხოვნაა, ეს საკითხი დადებითად გადაწყდეს. მქონდა კომუნიკაციები, ყველამ იცის ჩემი პოზიცია, თუმცა ვნახოთ, არის რაღაც, რაც საჭიროებს დამატებით განხილვას”, – თქვა ჩაჩიბაიამ.
ცნობისთვის, 18 მარტს „ქართულმა ოცნებამ“ ბორჯომში გამართა შეხვედრა, სადაც რამდენიმე საკითხზე იმსჯელა. ვიცე -პრემიერის, გია ვოლსკის ინფორმაციით, საუბარი იყო განათლების მინისტრის კანდიდატზეც.
შეგახსენებთ, ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო „ოცნების“ 4-მა დეპუტატმა: ქეთევან დუმბაძემ, ვლადიმირ ჩაჩიბაიამ, ირაკლი მეძმარიაშვილმა და დავით სერგეენკომ.
მოგვიანებით დუმბაძემ და მეძმარიაშვილმა თქვეს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო და კანონპროექტს მხარს უჭერდნენ, სერგეენკომ კი განაცხადა, რომ ამ კანონპროექტს საზოგადოება, აშშ და ევროკავშირი ნეგატიურად აფასებდნენ და მხარიც ამიტომ არ დაუჭირა.
