24 მარტს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ მომღერალი ლელა წურწუმია სტუმრობდა, რომელმაც თავის შემოქმედებაზე, ახალ მუსიკალურ ნამუშევრებზე და დაგეგმილ კონცერტებზე ისაუბრა და მსმენელს ახალი სიმღერა „ფერადი დღეები“ წარუდგინა.
ლელა, ვისაუბროთ სიმღერაზე „ფერადი დღეები“, რომელმაც „ტიკ ტოკი“ მოიცვა და რომლის პრემიერაც „არ დაიდარდოს“ ეთერში დღეს შედგება.
მუსიკის ავტორი რუსა მორჩილაძე გახლავთ, ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. სიმღერა სტუდიაში „ბრავო“ ჩაიწერა, არანჟირების ავტორი ბორიკო შხიანია. არ ვიქნები ძალიან თავმდაბალი და ვიტყვი, რომ ყველა სიმღერას, განსაკუთრებით კი იმ სიმღერებს, რომელთაც რუსა მორჩილაძე ჩემთვის ქმნის, ჩემი მაყურებელი ძალიან მალე იყვარებს. ერთ ღამეში დაახლოებით 1800-მდე ვიდეო იყო ამ სიმღერაზე გადაღებული „ტიკ ტოკზე“. მე არ მაქვს „ტიკ ტოკი“ და მამულიჩა სულ მეჩხუბება. სიმღერა ძალიან მალე მოხვდა ჩარტებში, ჯერ პირდაპირ მეშვიდე ადგილზე, მეორე დღეს მეექვსე ადგილზე და სამ დღეში უკვე პირველ ადგილზე იყო. თვითონ მუსიკა არის ძალიან დასამახსოვრებელი, როგორც ვუწოდებთ, არის შლაგერი და ამიტომაც გახდა პოპულარული. ეს სიმღერა ნამდვილად ჰიტია და როგორც ყველა რუსას სიმღერა, ესეც მართლაც არაჩვეულებრივი ნამუშევარია. რუსიკოს კიდევ ერთი ულამაზესი სიმღერა მაქვს, რომელიც არის კინოფილმიდან „დარჩი ჩემთან“ და ცოტა უფრო დრამატული სიმღერაა. უკვე შეიქმნა სრული სიმღერა და სულ მალე დავიწყებთ არანჟირებას და უკვე რუსიკოსეული ისეთი სიმღერა უნდა გავაჟღერო, როგორიცაა „ვერხვები“, „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“.
შარშან ბათუმში, რომ ვიყავით, რუსიკომ მითხრა, მე ვიცი, რა სიმღერაც უნდა დაგიწეროო და იქვე შექმნა ამ სიმღერის რაღაც ნაწყვეტი. ახლა კიდევ ერთ ახალ სიმღერას ვწერ, რომელიც მაიკო კაჭკაჭიშვილს ეკუთვნის და რომელიც სავარაუდოდ, ზაფხულში გაჟღერდება. ასევე ვმუშაობ ლილიკო ნემსაძის ძალიან ლამაზ სიმღერაზე, რომელიც დაახლოებით 5-6 წლის წინ დამიწერა და რომლის დროც ახლა დადგა. ნელ-ნელა მივდივარ იმისკენ, რომ ძველი სიმღერები ახლით ჩავანაცვლო, მაგრამ მსმენელს მაინც უნდა ძველები. ეტყობა, ის სიმღერები კიდევ სხვა განცდებთან, მოგონებებსა და ურთიერთობებთან არის დაკავშირებული.

არ აპირებ „ტიკ ტოკის“ გაკეთებას?
არ ვიცი, მართლა არ მაქვს ჯერჯერობით პასუხი, შეიძლება გავაკეთო, შეიძლება არ გავაკეთო. ერთადერთი სოციალური ქსელი, რასაც ვმართავ ეს არის ჩემი პირადი „ინსტაგრამ“ გვერდი. „ფეისბუქს“ მამულიჩა მართავს, მე აპლიკაციაც კი არ მაქვს. დიდად არ ვარ სოციალური ქსელების მოყვარული. „ტიკ ტოკი“ კიდევ რაღაც განსაკუთრებულ დროს მოითხოვს.
ლელა, მას შემდეგ, რაც სცენაზე პირველად გამოჩნდი, ხარ პირველი, გაქვს გამორჩეული სიმღერები, პროგრამა, სტილი, ლუქები. რას ურჩევ ამ სფეროში მყოფ ადამიანებს?
მე შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი ისეთი მომღერალი ვარ, ვისთვისაც ავტორები წერენ სიმღერებს და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს ყველაფერი ძალიან დიდი შრომის ფასად მოდის, ადამიანს შრომა ყოველთვის უფასდება. სრული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო ყველა საქმეს და განსაკუთრებით ჩვენს პროფესიას. ფაქტობრივად, თავი უნდა გადადო, რომ ეს ყველაფერი გამოგივიდეს. ყველაზე მთავარი სწორად შერჩეული იმიჯია. აქ ხმის დიაპაზონი არ განსაზღვრავს კარგ მომღერლობას, შეიძლება, ერთი ოქტავა დიაპაზონი გქონდეს, მაგრამ გემოვნებით აკეთებდე ყველაფერს. ნიჭი, გემოვნება, დამოკიდებულება, ყველაფერი ეს ერთად ქმნის არტისტს.
აუცილებელია პროდიუსერი. ძალიან ბევრი მარკეტინგულად სწორად გათვლილი ნიუანსია, რომელიც შემდეგ ამ შედეგს გაძლევს. სხვათა შორის, რაც სიმღერამ „ღამის სიჩუმე გაფანტე“ გააკეთა, მგონი, ასეთი არც ერთ სიმღერას გაუკეთებია. ამ სიმღერის გარეშე კონცერტს, ძალიანაც რომ მინდოდეს, ვერ ვამთავრებ. შუა კონცერტის დროს მეძახიან, ღამის სიჩუმეს ხომ გაფანტავო. მართლა თაობები გაიზარდა ამ სიმღერებზე და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი მაყურებელი ახალგაზრდავდება, ზეპირად იციან ტექსტი. მე ძალიან მადლობელი ვარ ყველა იმ ადამიანის, ვინც თავის დროს და თანხებს მითმობს, რომ გაიზიაროს ჩემი სითბო, ჩემი დამოკიდებულება. შენ, არტისტი, როგორც ექცევი შენს მაყურებელს, ზუსტად ისე გექცევიან ისინიც. თუ შენ არ გააკეთებ ამ ყველაფერს, მეორე კონცერტზე აღარ მოვა ადამიანი.

ახლო მომავალში თუ გაქვს დაგეგმილი კონცერტები?
5 მაისს ისევ „მონოჰოლში“ გაიმართება ჩემი დიდი სოლოკონცერტი, ჯგუფ „ნონსტოპთან“ ერთად. შემდეგ უკვე ნელ-ნელა მოდის ზაფხულის სეზონი და როგორც ყოველთვის, საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მექნება. ამჯერად უკვე სხვადასხვა კლუბში გაიმართებაკონცერტები. ფაქტობრივად, ჩემთვის დასვენება არ არის, მაგრამ ეს დიდად არ მადარდებს, რადგან მიყვარს შრობა, ჩემი მაყურებელი, ცოცხალი მუსიკა, ჩემი ბენდი. შეიძლება, ვიღაცას არ მოსწონდეს ჩემი სიმღერა, მაგრამ რადგან მრავალრიცხოვანია ჩემი მაყურებელი, ესე იგი კარგად ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. ყოფილა შემთხვევა, რომ უთქვამთ, მე თქვენი მსმენელი არ ვიყავი, მაგრამ მოვხვდი კონცერტზე და მას მერე დავიწყე მოსმენაო. ცოცხალი აღქმა არტისტის, კიდევ სხვა ენერგიას გაძლევს. როცა მაყურებელი ხედავს, რომ შენ სცენაზე ყველაფერს აკეთებ, ეს ძალიან მოსწონთ.

ამ წლების განმავლობაში, ალბათ, ბევრი არა კეთილად განწყობილი ადამიანი იქნებოდა, ეს რამდენად მოქმედებს ხოლმე?
თავიდან, ალბათ, რაღაც მომენტში გული გწყდება, ნერვიულობ, ბრაზობ, მაგრამ თუ შენ ეს იმუნიტეტი არ გაქვს, მაშინ საერთოდ თავი უნდა დაანებო ამ პროფესიას, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ნეგატივში ცხოვრობენ და შესაბამისად, სხვას ვერაფერს ვერ გამოსცემენ. შესაბამისად, ჩემზე დიდად აღარ მოქმედებს.
ლელა წურწუმია – ფერადი დღეები
გადაცემის აუდიოჩანაწერი
