LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლების მიერ დაშორებულმა შეყვარებულებმა ერთმანეთი 60 წლის შემდეგ იპოვეს და დაქორწინდნენ

60 წლის წინ დაშორებულმა 79 წლის მამაკაცმა და 78 წლის ქალბატონმა ერთმანეთი იპოვეს და იქორწინეს. როგორც Mirror იუწყება, მშობლების მიერ ჩაშლილი ნიშნობის შემდეგ წყვილმა ოცნება მაინც აისრულა.

1963 წელს, 19 წლის ბრიტანელმა ლენ ალბრინგტონმა თავის 18 წლის შეყვარებულს ჯენეტ სტირს ხელი სთხოვა. ჯენეტიც მაშინვე დასთანხმდა. შეყვარებულები ავსტრალიაში გადასვლას და იქ ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავდნენ. ლენი პირველი წავიდა, რათა საცოლის ჩასვლამდე გარკვეული დეტალები მოეგვარებინა.

თუმცა, ამ გეგმას გოგოს მშობლებმა შეუშალეს ხელი. როდესაც მათ გაიგეს, რომ ქალიშვილი დაინიშნა და დედამიწის ბოლოში აპირებდა გადასახლებას, ძალიან გაბრაზდნენ. დედამ და მამამ ჯენეტს სახლში დარჩენა აიძულეს.

შეყვარებულებს განშორება მოუწიათ და ორივემ თავისი ცხოვრების მოწყობა დაიწყო. ლენი ავსტრალიელ ქალზე დაქორწინდა და სამი შვილიც შეეძინა. ჯენეტმაც იპოვა მეორე ნახევარი და დედა გახდა.

თუმცა, 2015 წელს ლენის ქორწინება დასრულდა და მან ახალგაზრდობის სიყვარულის მოძებნა გადაწყვიტა. ბრიტანეთში დაბრუნდა, ჯენეტიც იპოვა, თუმცა მაშინ ქალი ჯერ ისევ ქორწინებაში იმყოფებოდა და მათი ურთიერთობა არ გაგრძელებულა.

ჯენეტმა პირველ სიყვარულს 2 წლის შემდეგ მიწერა, მაშინ როცა მისი მეუღლე გარდაიცვალა. წყვილმა ძველი გრძნობები გაიხსენა და 2022 წელს ლენმა ქალს ხელი მეორედ სთხოვა. 2023 წელს შეყვარებულმა იქორწინეს და ცერემონიას მათი შვილები და შვილიშვილები ესწრებოდნენ.